პარიზის გრანდ სლემის პირველ დღეს 3 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

05 თებერვალი 2022

დღეს, 5 თებერვალს, სტარტს აიღებს პარიზის გრანდ სლემი. ტურნირის პირველ დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

-60 კგ. წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი იასპარეზებს. ქართველი ძიუდოისტი D ბადეშია და პირველ მეტოქედ განელი ზეო აგუდუ ჰყავს. მისი დამარცხების შემთხვევაში, ჯაბას სავარაუდო მეტოქე ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძე იქნება.

-66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ოლიმპიადის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. მარგველაშვილი C ბადეშია და მისი პირველი მეტოქე ანგოლელი ედმილსონ პედრო იქნება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ვაჟას სავარაუდო მეტოქე ევროპის ჩემპიონი - ვალიდ ხიარი იქნება.

-73 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს.  ლაშა ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს. მისი სავარაუდო მეტოქე ებრაელ იონათან ელბაზსა და ბრაზილიელ ჟულიო სეზარ კოდას შორის გამარჯვებული იქნება.

ასპარეზობა თბილისის დროით 13:30-ზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Ippon,org-ზე იქნება შესაძლებელი. ფინალური ბლოკის შეხვედრები კი 20:00-ზე დაიწყება. ფინალური ასპარეზობის ხილვა Silk Universal-ის ეთერში იქნება შესაძლებელი.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები