სკალონი: ,,მესის ვესაუბრე და მითხრა, რომ კორონავირუსმა მასზე ძალიან იმოქმედა''

27 იანვარი 2022

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლეო მესიზე ისაუბრა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი გადაიტანა:

,,რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ მესი ჩვენთან ერთად ყოფილიყო. ლეოს ვესაუბრე და მითხრა, რომ კორონავირუსმა მასზე ძალიან იმოქმედა.

მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელდეს, ამიტომ მისი გამოძახებისგან თავი შევიკავეთ,'' - სკალონის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

TyC Sports-ის ცნობით სკალონიმ მესის ,,ალბისელესტეს'' ორი უახლოესი მატჩის გამოტოვება თავად შესთავაზა. არგენტინელები 28 იანვარს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ჩილესთან გამართავენ, პირველ თებერვალს კი - კოლუმბიასთან. 

სკალონის ასეთი გადაწყვეტილება მესის კორონავირუსით ინფიცირებას უკავშირდება, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2 იანვარს გავრცელდა, თუმცა 5 იანვარს ,,პარი სენ ჟერმენმა'' გამოაცხადა, რომ ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე განაღდებული აქვს. ,,ალბისელსტემ'' მუნდიალის საგზური ნოემბერში გაიფორმა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები