ხულიან ალვარესის მანჩესტერ სიტიში ტრანსფერი მალე დადასტურდება

26 იანვარი 2022

ბოლო რამდნეიმე თვის განმავლობაში, "რივერ პლეიტის" თავდამსხმელი, ხულიან ალვარესი არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ, მისთვის ბრძოლა "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო. 

ტრანსფერი ჯერ ოფიციალური არ არის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ არგენტინელ შემტევს უახლოეს მომავალში "ეტიჰადზე" ვიხილავთ. გავრცელებული ცნობების თანახმად, ინგლისელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე წლის ივნისამდე სამშობლოში დარჩება, 18.5 მილიონ ევროდ (15.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი) შეიძინეს, საბოლოოდ კი, ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერის ღირებულებამ, შესაძლოა, 27 მილიონ ევროს (22.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი) მიაღწიოს.

Marca-ს ინფორმაციით, თუ "რივერ პლეიტი" ლიბერტადორესის თასზე წარმატებით ასპარეზობას შეძლებს, ხუალიანი, შესალოა, მშობლიურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩეს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მისი ხელფასის ნაწილის გადახდა არგენტინელებს მოუწევთ.

მადრიდული გამოცემის ცნობით, ალვარესი "სიტისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ტრანსფერი კი რამდენიმე დღეში გაოფიციალურდება.

აღსანიშნავია, რომ ხულიანი ბავშვობაში "დეპორტივო ატალაიაში" ასპარეზობდა, რის გამოც ეს კლუბი 885 000 ევროს (739 000 ფუნტი სტერლინგი) მიიღებს.

"რივერ პლეიტის" მთავარი მწვრთნელი, მარსელო გალიარდო ალვარესის სეზონის ბოლომდე დარჩენით კმაყოფილი იქნებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არგენტინული გრანდი შეტევის ხაზის გაძლიერებაზე მუშაობს.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები