Pereira out, Lampard in - ევერტონის ფანები ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

26 იანვარი 2022

"ევერტონის" მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესის დანიშვნამ, მისი "ლივერპულური" წარსულის გამო, გუნდის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ცოტა ხნის წინ, ესპანელი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან გაუშვეს, თუმცა, მის შესაძლო შემცვლელად ვიტორ პერეირა სახელდება, რითაც ქომაგები ასევე გაბრაზებულნი არიან.

Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი დამრიგებელი "გუდისონ პარკის" ბინადრების ჩაბარებასთან ძალიან ახლოსაა. აღნიშნულმა ფაქტმა მერსისაიდელთა ფანების აგრესია განაპირობა. მათ ერთ-ერთ კედელზე დატანილი წარწერით ხელმძღვანელობას მიანიშნეს, რომ კლუბის თავკაცად, პერეირას ნაცვლად, ფრენკ ლამპარდი უნდა დანიშნონ.

კედელზე შემდეგი სიტყვებია დატანილი: "Pereira out, Lampard in (პერეირა არა, ლამპარდი - კი)".

მიუხედავად იმისა, რომ პერეირას საკითხი ჯერ გაოფიციალურებული არ არის, ვარაუდობენ, რომ შეთანხმება მალე დასრულდება, რაც "ევერტონის" ირანელი მფლობელის, ფარჰად მოშირის მიმართ კრიტიკას კიდევ უფრო გაზრდის. მან თავისი მმართველობის განმავლობაში კლუბში ბევრი ისეთი სპეციალისტი მიიყვანა, რომელიც გუნდს ვერ მოერგო, მათ შორის, მარკო სილვა და რონალდ კუმანი. იმ შემთხვევაში, თუ გულშემატკივრების უკმაყოფილებამ შედეგი კვლავ არ გამოიღო, პროტესტი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

რაც შეეხება ვიტორს, ის ბოლოს "ფენერბაჰჩეში" მუშაობდა, მანამდე კი 3 წელი სათავეში ჩინურ "შანხაი პორტს" ედგა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები