ნადალი ჯოკოვიჩზე: ,,სიმართლე გითხრათ, ამ თემით დავიღალე''

17 იანვარი 2022

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ, რაფაელ ნადალმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის, გარშემო არსებულ სკანდალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

,,სიმართლე გითხრათ, ამ თემით უკვე დავიღალე. როცა ნოვაკმა პირველი საქმე მოიგო, ვთქვი, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, გუშინ კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. სამართლიანობის წინააღმდეგ არასდროს ვიქნები.

ჩემი აზრით, სპორტისთვის უკეთესია თუ ტურნირში ყველა ძლიერი მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ახლა ეს ვერ მოხერხდა და ვფიქრობ, არსებული სიტუაცია სრულიად ნათელია.

კონკურენტებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჯოკოვიჩს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ნოვაკი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც აქ არასწორად მოიქცა, მაგრამ პასუხისმგებელი ისიცაა,'' - განაცხადა ნადალმა.

ავსტრალიის სასამართლომ ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმეზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, ვიზა მეორედ გაუუქმეს, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – მოსამართლემ ჩოგბურთელის ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილა, შედეგად სერბმა საქმე წააგო და ქვეყნიდან დაადეპორტეს.

სერბმა ხუთ იანვარს მელბურნში სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა. ჯოკოვიჩი მესაზღვრეებს დაახლოებით 5 საათს ესაუბრა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ ნოვაკს ვიზა გაუუქმდა, მან ვერ დაასაბუთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან გათავისუფლების სამედიცინო საფუძვლები. სერბი იმედოვნებდა, რომ ტურნირში მონაწილეობას ვაქცინაციის გარეშე მიიღებდა.

ავსტრალიის ღია პირველობა დღეს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება. ჯოკოვიჩს, რომელიც გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონია, ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები