ჯოკოვიჩს ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმეს - ავსტრალიის მთავრობა ჩოგბურთელის დეპორტაციას აპირებს

14 იანვარი 2022

ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა, ალექს ჰოუკმა, ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო - სერბს ვიზა გაუუქმდა. ჰოუკის თქმით, ასეთი ნაბიჯი ქვეყნის დაცვას ისახავს მიზნად. იმიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილებას ავსტრალიის პრემიერმინისტრი, სკოტ მორისონი გამოეხმაურა, რომელმაც ჰოუკს მხარი დაუჭირა.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ავსტრალიაში ვიზა რამდენიმე დღის წინაც გაუუქმეს, თუმცა ნოვაკმა სასამართლოში საქმე მოიგო. მოსამართლის თქმით, ჯოკოვიჩი საკარანტინო სასტუმროდან უნდა გათავისუფლებულიყო და მისთვის პასპორტი და პირადი ნივთები დაუყოვნებლივ უნდა დაებრუნებინათ.

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს და საქმეზე მოსმენა დღეს გაიმართება.

სერბმა ხუთ იანვარს მელბურნში სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა. ჯოკოვიჩი მესაზღვრეებს დაახლოებით 5 საათს ესაუბრა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ ნოვაკს ვიზა გაუუქმდა, მან ვერ დაასაბუთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან გათავისუფლების სამედიცინო საფუძვლები. სერბი იმედოვნებდა, რომ ტურნირში მონაწილეობას ვაქცინაციის გარეშე მიიღებდა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. ჯოკოვიჩს, რომელიც გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონია, ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები