ოფიციალურად: ნიუკასლმა ზამთრის მეორე ტრანსფერი განახორციელა

13 იანვარი 2022

"ნიუკასლ იუნაიტედმა", "ბარნლის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის, კრის ვუდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

30 წლის თავდამსხმელმა "ჭაჭკაჭებთან" 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს გაურკვეველი თანხის სანაცვლოდ შეუერთდა.

ინგლისური გუნდის განცხადებაში ვკითხულობთ:

"კრის ვუდი, კირან ტრიპიერის (რომელიც "ნიუკასლმა" "ატლეტიკოდან" გადაიბირა) შემდეგ, იანვარში კლუბის მეორე შენაძენი გახდა.

ვუდი 20-ნომრიან მაისურს მოირგებს - ნომერს, რომელსაც ის ახალი ზელანდიის ნაკრებში ატარებდა. კრისს ეროვნულ გუნდში, ყველა ტურნირის ეგიდით, 60 მატჩში 27 გოლი აქვს გატანილი".


თავად ვუდი აცხადებს:

"ეს ჩემთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა - "ნიუკასლში" მოსვლით აღფრთოვანებული ვარ.

"სენტ-ჯეიმს პარკზე" რამდენიმეჯერ მითამაშია - ის გასაოცარი ადგილია. შესაბამისად, ამ კლუბში თამაში, შესანიშნავი გულშემატკივრების წინაშე გამოსვლა და ასეთი თანაგუნდელების ყოლა განსაკუთრებულია.

კლუბი და მწვრთნელი მენდნენ, რის გამოც მოედანზე გასვლასა და მათი იმედების გამართლებას
მოუთმენლად ველი, თანაც, სეზონის გადამწყვეტ მომენტში".

ახალზელანდიელს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, "ბარნლის" მაისურით, 3 გოლი აქვს გატანილი. რაც შეეხება "ნიუკასლს" - "ნაჭკაჭები" სატურნირო ცხრილში 11 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან და გადარჩენისთვის იბრძვიან.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები