ნეიმარი რეალთან მატჩში დაბრუნებას აპირებს

13 იანვარი 2022

Marca-ს ინფორმაციით, პსჟ-ის შემტევი, ნეიმარ ჟუნიორი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩისათვის დაბრუნებას აპირებს.

ბრაზილიელმა მარცხენა კოჭის ტრავმა 28 ნოემბერს, "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც უქმად ყოფნა უწევს.

წყაროს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის პროცესი საკუთარ სამშობლოში, საშობაო არდადეგების დროსაც განაგრძო, რათა გამოჯანმრთელება მალე შეძლოს.

ზემოხსენებული გამოცემის თანახმად, მოუხედავად იმისა, რომ "პარი სენ-ჟერმენის" 10-იანი პარიზში თავის თანაგუნდელებზე 1 კვირით გვიან დაბრუნდა, მას უდისციპლინობა არ გამოუჩენია, ვინაიდან, ნეიმარს კლუბის ნებართვა ჰქონდა და ყველაფერი პსჟ-ის სამედიცინო შტაბის გეგმის შესაბამისად განხორციელდა.

ახლა კი, ფრანგულ გუნდში იმედი აქვთ, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი მოედანზე 15 თებერვალს, "რეალთან' უმნიშვნელოვანეს მატჩში დაბრუნდება.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები