ცვლილებები ძიუდოს წესებში

13 იანვარი 2022

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც შეტანილია ცვლილებები და ზოგიერთი აქამდე დაშვებული ტექნიკა აკრძალულად ითვლება. წესების ცვლილება ეხება როგორც ჩავლებებს, ისე გდებებს. ვეცდებით, გაგაცნოთ ის ცვლილებები, რომლებიც ძალაში მიმდინარე წლის 28 იანვარს, პორტუგალიის გრან-პრიზე შევა.

გადაწყვეტილება 1. -  გდება შეფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემტევი (ტორი) ტექნიკის შესრულების პროცესში არ შეწყვეტს მოძრაობას. იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობა არ იქნება განგრძობითი და იქნება წყვეტა, კონკრეტული გდება არ შეფასდება.

გადაწყვეტილება 2.  -  ვაზარი სპორტსმენს მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ის მოახერხებს მეტოქის დაგდებას ერთი ბეჭით, 90-გრადუსიანი კუთხით, როცა მეტოქე დაარყტამს ტატამის სრულ გვერდს. ასეთ შემთხვევაში, მომგებიანი გდება ჩაითვლება იმის მიუხედავად, დამცველ ძიუდოისტს (უკე) დაცემის დროს იდაყვი შიგნით მოუყვება თუ გარეთ. გათვალისწინებული იქნება მხრისა და თეძოს ტატამიზე  შეხება. 

გადაწყვეტილება 3. -  ვაზარი სპორტსმენს მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ის მეტოქის დაგდებას მოახერხებს გვერდზე სრულად, მინიმუმ 90-გრადუსიანი კუთხით. ამ შემთხვევაშიც აღარ ექნება მნიშვნელობა, დამცველი სპორტსმენის იდაყვი დააცემის დროს გარეთ იქნება თუ შიგნით, ყველა ამგვარი გდება შეფასდება ვაზა-არით.

გადაწყვეტილება 4. - დაცემა ორივე იდაყვით ან ორივე ხელით, როცა გდება მიდის ზურგის მიმართულებით, შეფასდება ვაზარით, ხოლო დამცველ ძიუდოისტს მიეცემა გაფრთხილება (შიდო)

გადაწყვეტილება 5. - არ შეფასდება კონტრტექნიკები, რომელთა დროსაც საწყისი გდების შემსრულებელი სპორტსმენი გადაგორდება ზურგზე.

გადაწყვეტილება 6. - შებრუნებული კისრულის (Reverse seoi-nage) შესრულების შემთხვევაში, გდება არ შეფასდება, ხოლო შემტევი ძიუდოისტი დაისჯება შიდოთი.

გადაწყვეტილება 7. - ქამრის ქვევით ხელის ჩავლება ნებადართულია შეტევის ბოლო ფაზაში, ანუ როცა ოპონენტი უკვე გადასულია ქვეჭიდში (ნე-ვაზაში). თუ გდება შესრულების მომენტში შეწყდა, ამ შემთხვევაში ქამრის ქვემოთ ხელის ჩავლება ითვლება მოქმედებად ნე-ვაზაში და ნებადართულია.

გადაწყვეტილება 8. - საყელოსა და კისერში ჩავლება ნებადართულია, როდესაც სპორტსმენი აქტიურია.

გადაწყვეტილება 9. -  ჩავლება ქამარში, ჯუდოგის ერთ მხარეს ჩავლება, ''პისტოლეტისა'' და ''ჯიბის'' ჩავლებები არატრადიციულია. ასეთი ჩავლებების აღების შემთხვევაში სპორტსმენებს შესატევად რამდენიმე წამი ექნებათ,

გადაწყვეტილება 10. - მეტოქის ჩავლების ჩახსნა ერთი ან ორი ხელით და შემდეგ (იმავდროულად) საკუთარი ჩავლების აღება ნებადართულია. თუ სპორტსმენი მეტოქის ჩავლებას ჩახსნის და იმავე დროს არ აიღებს საკუთარ ჩავლებას, მისი მოქმედება დაისჯება შიდოთი.

გადაწყვეტილება 11. - ჯუდოგის ან თმის გასწორება თითოეული სპორტსმენისათვის დაშვებულია შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ. იგივეს გამეორების შემთხვევაში სპორტსმენი დაისჯება შიდოთი.

გადაწყვეტილება 12. - ტექნიკები, რომელთა დროსაც სპორტსმენები იყენებდნენ თავს, არის საშიში და აკრძალული. შემტევი ძიუდოისტი ამგვარი გდების შესრულების მომენტში დაისჯება დისკვალიფიკაციით. (ჰანსოკუ-მაკე)

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები