ჯოკოვიჩმა ავსტრალიის სასამართლოში საქმე მოიგო

10 იანვარი 2022

ავსტრალიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნოვაკ ჯოკოვიჩის ვიზის გაუქმებას არავითარი საფუძველი არ ჰქონია. მოსამართლეს თქმით, ნოვაკი საკარანტინო სასტუმროდან უნდა გათავისუფლებულიყო და მისთვის პასპორტი და პირადი ნივთები დაუყოვნებლივ უნდა დაებრუნებინათ.

გადაწყვეტილების მიუხედავად, რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტმა - ქსენია პავლოვიჩმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიის პოლიციამ მაინც დააკავა. მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია ჩოგბურთელის მამისგან მიიღო.

სერბმა ხუთ იანვარს მელბურნში სასაზღვრო კონტროლი ვერ გაიარა. ჯოკოვიჩი მესაზღვრეებს დაახლოებით 5 საათს ესაუბრა, მაგრამ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. მალევე გახდა ცნობილი, რომ ნოვაკს ვიზა გაუუქმდა, მან ვერ დაასაბუთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისგან გათავისუფლების სამედიცინო საფუძვლები. სერბი იმედოვნებდა, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას ვაქცინაციის გარეშე მიიღებდა.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. ჯოკოვიჩს, რომელიც გრანდ სლემის მოქმედი ჩემპიონია, ტურნირი ცხრაჯერ აქვს მოგებული.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები