ნიუ ჯერსის კიპერის საოცარი თამაში

07 თებერვალი 2020

ნიუ ჯერსის კიპერის საოცარი თამაში

 

“ნიუ ჯერსი დევილსის” მეკარემ, მაკენზი ბლექვუდმა “ფილადელფია ფლაიერსთან” შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, მისმა გუნდმა კი 5:0 მოიგო.

 

გასაოცარი ამ ფაქტში არის ის, რომ 23 წლის კიპერმა 46 დარტყმა მოიგერია. NHL-ის ხანგრძლივ ისტორიაში კი ეს სულ 32-ე შემთხვევაა, როდესაც მეკარემ კარი მშრალად შეინახა და ამდენი დარტყმის მოგერიება შეძლო.

 

პირველ ადგილზე ბენ სკრივენსია, ვინც “ედმონტონის” შემადგენლობაში, 2014 წლის 29 იანვარს, “სან ხოსეს” მოთამაშეების 59-ვე დარტყმა მოიგერია. მეორე და მესამე ადგილს კი მაიკ სმიტი და სიმიონ ვარლამოვი იყოფენ - 54 სეივი.

 

“ნიუ ჯერსის” ისტორიაში კი ბლექვუდის შედეგი მეორეა - წინ მხოლოდ ლეგენდარული მარტინ ბროდოა, რომელმაც 2010 წლის 12 იანვარს, “ნიუ იორკ რეინჯერსთან” მატჩში 51 დარტყმა მოიგერია და “შათაუთი” შეასრულა.

 

ბლექვუდის შედეგი კიდევ უფრო გასაოცარია იმის გამო, რომ “ნიუ ჯერსის” დაცვა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. გაშვებული გოლებით კლუბი ბოლოდან მეორე ადგილზეა (მეტი მხოლოდ “დეტროიტს” აქვს) და ეს შათაუთი “ეშმაკებისთვის” ამ სეზონში სულ მეორე იყო, 19 ოქტომბერს, “ვანკუვერთან” მოგებული (1:0) შეხვედრის შემდეგ.

 

და ბოლოს: ეს შეხვედრა “დევილსის” კარის დარაჯისთვის ისედაც განსაკუთრებული იქნებოდა, მაგრამ ერთი დამატებითი ფაქტი, ამ მატჩს მისთვის დაუვიწყარს ხდის: “ნიუ ჯერსის” მესამე გოლის დროს, მაკენზი ბლექვუდმა კარიერაში პირველი საგოლე პასი გააკეთა…

 

შეგიძლიათ თავად ნახოთ, 23 წლის მეკარის საოცარი თამაში

 

 

კომენტარები