კრიშტიანუ რონალდუ: გამარჯვებულებს ყოველთვის ვულოცავ

29 ნოემბერი 2021

France football-ის მთავარმა რედაქტორმა, პასკალ ფერემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მას გაუმხილა, თითქოს, კარიერას მხოლოდ ლეო მესიზე მეტი "ოქროს ბურთით" დაასრულებდა.  

აღნიშნულ სიტყვებს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი საჯაროდ, სოციალურ ქსელში პასუხობს:

"პასკალ ფერემ იცრუა, მან ჩემი სახელი საკუთარი თავისა და საკუთარი სამსახურის დასარეკლამებლად გამოიყენა. წარმოუდგენელია, რომ ამ პრესტიჟულ ჯილდოზე მთავარი პასუხისმგებელი ამგვარად ტყუის. და თანაც, ჩემთან დაკავშირებით, მაშინ როცა, France Football-სა და "ოქროს ბურთს" ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. 

ფერემ დაჯილდოების ცერემონიის ჩემს ვერდასწრებასთან დაკავშირებითაც მოიტყუა.

გამარჯვებულებს ყოველთვის ვულოცავ - ამას სპორტული სამართლიანობის პრინციპისა და პირადი დამოკიდებულების გამო ვაკეთებ, რადგან არავის წინააღმდეგ არ ვარ. თუ რამეს ვიგებ, ჩემთვის ვიგებ და იმ კლუბისათვის, რომელსაც წარმოვადგენ. 

ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ამბიცია ჩემს კლუბებთან ერთად ეროვნული და საერთაშორისო ტიტულების მოგებაა. ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ამბიციაა, ვიყო მისაბაძი ადამიანი ყველა იმ მოთამაშისათვის, რომელსაც პროფესიონალი ფეხბურთელობა სურს. ჩემი კარიერის ყველაზე დიდი ამბიციაა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ჩემი სახელი და გვარი ოქროს ასოებით რომ ჩავწერო.

სიტყვას იმით დავასრულებ, რომ უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე ვარ კონცენტრირებული. დანარჩენი? დანარჩენი უბრალოდ დანარჩენია".

ოქროს ბურთის წლევანდელ გათამაშებაში, საუკეთესო ათეულში კრიშტიანუ რონალდუც და ლიონელ მესიც იმყოფებიან. ფავორიტად არგენტინელი ფეხბურთელი ითვლება. 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები