გვარდიოლას, კლოპისა და ტუხელის თავდაცვითი მეთოდები და მწვრთნელი, რომელიც მათ გზას წარმატებით მიჰყვება

25 ნოემბერი 2021

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში აშკარად შესამჩნევია, რომ თუ გუნდი ცოტა გოლს არ უშვებს, სატურნირო ცხრილში მაღლა ასვლას ვერ ახერხებს.

2021-22 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატის პირველ სამ ადგილზე მყოფი გუნდების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: "ჩელსი" - 4 გაშვებული გოლი, "მანჩესტერ სიტი" - 6 გაშვებული გოლი, "ლივერპული" - 11 გაშვებული გოლი.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგაში 12 ტური ჩატარდა. ამასთან, ეს გუნდები უკვე ერთმანეთსაც შეხვდნენ.

შედარებისთვის, ოლე გუნარ სულშერის ხელმძღვანელობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" 21-ზე მეტი გოლი გაუშვა - ეს მაჩვენებელი მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი მიზნებისთვის მებრძოლთათვის დაცვაში კარგად თამაში.

პეპ გვარდიოლამ, იურგენ კლოპმა და ტომას ტუხელმა აღნიშნულის შესახებ კარგად იციან და ლიდერებს შორისაც იმყოფებიან. რა თქმა უნდა, სამივე მწვრთნელმა საკუთარი გუნდის დაცვა სხვადასხვა ტაქტიკით გაამაგრა.

გვარდიოლას, კლოპისა და ტუხელის მეთოდები

"ქალაქელებს" ბურთი იმდენად დიდხანს უჭირავთ, რომ მეტოქეს მინიმალური შანსების გამოყენება და ტყავის სფეროსთან მხოლოდ რამდენიმე შეხება უწევს. ასევე, გვარდიოლა დიდ ყურადღებას აქცევს დაცვაში გუნდის განლაგებას, რათა მოწინააღმდეგის მხირდან კონტრშეტევები თავიდან აირიდოს.

კლოპი თავისი აგრესიული კონტრპრესინგითაა ცნობილი, რაც ბურთის საკუთარი ნახევრიდან რაც შეიძლება შორს ყოფნას გულისხმობს. როდესაც ეს არ გამოდის, "ლივერპული" მაღალი დონის მცველების იმედზეა, რომლებიც მერსისაიდელებს ნამდვილად ჰყავთ.

რაც შეეხება ტუხელს - მის გუნდს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, კარი მშრალად 12-ჯერ აქვს შენახული. გერმანელი 3-5-2 სქემას იყენებს და თავის მოთამაშეებს ისე ათამაშებს, რომ თითოეულმა მათგანმა იცის, როგორ იმოქმედოს, რათა განლაგება არ დაირღვეს და ზონები გადაკეტილი დარჩეს. ამ ყველაფერს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის, ედუარ მენდის ყოლაც ემატება, რომელიც კარიერის საოცარ ეტაპზეა;

საპირისპიროდ, "მანჩესტერ იუნაიტედს" მსგავსი ტაქტიკა არ გააჩნია, რაც მათ სეზონზე კარგად აისახება - "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგაში მე-8 პოზიციას იკავებენ. ისინი უტევენ და თავს ინდივიდუალურად იცავენ, ბურთის დაკარგვის დროს კი ისეთი პოზიციები არ უჭირავთ, რომ მეტოქისგან თავის შესაფერისად დაცვა შეძლონ - ეს განსაკუთრებით კარგად "ლივერპულთან" საშინაო მატჩისას გამოჩნდა, რომელიც "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა მოსისხლე მტერთან 0-5 წააგეს.

გვარდიოლა, ტუხელი და კლოპი ზემოხსენებულ მეთოდებს გერმანიაში მუშაობის პერიოდშიც იყენებდნენ, უკანასკნელმა ორმა მათგანმა კი იდენტური გზა გამოიარა - ჯერ "მაინცი", შემდეგ კი "დორტმუნდი".

ბო სვენსონი - მწვრთნელი, რომელიც მათ გზას მიჰყვება

სვენსონი "მაინცის" ამჟამინდელი მწვრთნელია - მისმა გუნდმა ბუნდესლიგაში "ბაიერნზე" ცოტა გოლი გაუშვა და პირველ 6 ტურში კარი მშრალად 5 მატჩში შეინახა.

იმის გათვალისწინებით. რომ 42 წლის სპეციალისტს კლოპისა და ტუხელს გავლენა აქვს, ეს გასაკვირი არ არის - საფეხბურთო კარიერის დროს მას "მაინცში" ორივესთან უმუშავია.

"რა თქმა უნდა, იურგენისა და ტომასის გამოცდილებისა და ფილოსოფიისგან ბევრი ვისწავლე. ადამიანებთან მათი ურთიერთობა, გუნდის გაძღოლა და თამაშების მიმართ დამოკიდებულება შესანიშნავი იყო. ჩემზე გავლენა თითოეულმა ასპექტმა მოახდინა და მწვრთნელობა გადამაწყვეტინა.

იმ ყველაფრის უგულებელყოფა, რამაც ისინი უდიდეს მწვრთნელებად აქცია, სიგიჟე იქნებოდა", - განაცხადა ბომ მიმდინარე წლის დასაწყისში.

ის ფაქტი, რომ გასულ სეზონში დანიელმა სატურნირო ცხრილში 6 ქულით ფსკერზე მყოფი გუნდი ჩაიბარა და შემდეგ ასე აათამაშა, მეტყველებს, რამდენად დიდი გავლენა მიიღო მან თავისი ყოფილი თავკაცებისგან.

"ჩვენ კარგად ვიცით, რომ სვენსონი ტალანტია და ამ სფეროში წინ დიდი მომავალი აქვს", - განაცხადა "მაინცის" ხელმძღვანელობის შტაბის წევრმა, კრისტიან ჰაიდელმა მას შემდეგ, რაც გასულ სეზონში მათმა გუნდმა "ბაიერნი" დაამარცხა.

შესაძლოა, დიდი დრო არ რჩება იქამდე, რომ ის თავისი კერპების გზას გაჰყვეს და რომელიმე ინგლისური გრანდი ჩაიბაროს.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები