პარი სენ-ჟერმენის ტრიო კრიტიკის მთავარი ობიექტი გახდა

25 ნოემბერი 2021

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის (1-2) შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავური ტრიო კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა.

კილიან მბაპემ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი კარგი მომენტი იყო, საბოლოო ჯამში კი მთელი მატჩის განმავლობაში პეპ გვარდიოლას გუნდი დომინირებდა და თავისთვის სასურველი ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ წაგებამ, შესაძლოა, პსჟ-ს საქმეები ძალიან გაურთულოს, რადგან, ახლა არსებობს შანსი, რომ ფრანგები ნებისმიერი ჯგუფის პირველადგილოსანს შეხვდნენ, მაგალითად, "ლივერპულს" ან "ბაიერნს".

სტატისტიკა მეტყველებს, თუ როგორი საშინელი თამაში აჩვენეს მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა - "ქალაქელებს" დაცვაში არანაირი ძალისხმევა არ დასჭირდათ - 2006-07 წლების სეზონის შემდეგ, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან, ჯერ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ პსჟ-ს წინააღმდეგ მოთამაშე გუნდს ბურთი ერთხელაც კი არ მოეგერებინა.

ამასთან, გადაადგილების არეალზეც (ე.წ. "ჰითმეპი") ჩანს, თუ როგორ იშვიათად გადადიოდა "პარი სენ-ჟერმენი" მეტოქის ნახევარზე.

ახლა კი, მადრიდული Marca "პარკ დე პრენსის" ბინადრების შემტევი ტრიოს თამაშის ანალიზს გვთავაზობს.

არანაირი დახმარება დაცვას

ფრანგული კლუბის ტრიოს, რომელიც მოედანზე უბრალოდ დადიოდა, დაცვისთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია. L'Equipe-მა ლეოს მესის ინდივიდუალური პერფორმანსი 10 ქულიდან მხოლოდ 4-ით შეაფასა. ასევე, აღნიშნული წყაროს მოსაზრებით, "ოქროს ბურთის" 6-გზის მფლობელს გუნდის დახმარებისას გაცილებით მეტის გაკეთება მართებს.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა მბაპეს გოლში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ბოლო პასი გააკეთა, მას "სიტისთან" საკმაოდ გაუჭირდა.

ფრანგული გამოცემისგან ნეიმარმა და მბაპემ მხოლოდ 5-5 ქულა დაიმსახურებს, ბრაზილიელი კი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ბურთთან ერთად საკმარისად კარგად ვერ მოქმედებდა.

კრიტიკას, რა თქმა უნდა, ვერც პოჩეტინო გადაურჩა - L'Equipe-მა დაწერა, რომ არგენტინელი სპეციალისტის ტაქტიკურმა ცვლილებებმა გუნდს შედეგი არ მოუტანა.

ზემოხსენებულ თამაშს, წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი, ოუენ ჰარგრივზი BT Sport-თან საუბრისას გამოეხმაურა:

"სიტიმ" მასტერკლასი შემოგვთავაზა, თანაც, ფილ ფოდენისა და კევინ დე ბრუინის გარეშე. ალბათ, ნეიმარი და მესი ფიქრობდნენ: "ამ გუნდში თამაშს ვისურვებდი".

რაფაელ ვან დერ ვაარტმა კი უფრო უხეში განცხადება გააკეთა, განსაკუთრებით მესიზე:

"ამ ყველაფერმა დამამწუხრა. ეს უბრალოდ მონდომების ამბავი იყო - სურს თუ არა ლეოს თამაში? როცა მას კრიშტიანუ რონალდუს ადარებენ, უნდა გავიხსენოთ, რომ პორტუგალიელს თავისი გუნდი მერვედფინალში პირადად გაჰყავს, მესი კი ვერაფერს აკეთებს. ის უბრალოდ დადის.

არგენტინელს ვუყურებ და ვფიქრობ: "არ რცხვენია?". მასზე გაბრაზებული ვარ. გარკვეულწილად, მესიმ ეს რონალდ კუმანის მწვრთნელობისას დაიწყო. თითქოს, მას მუშაობა არ სურს. ასეთი მოთამაშისთვის მსგავსი რამ ნორმალური არაა.

ეს სირცხვილია, რადგან მესის დონის ფეხბურთელი არასდროს დაიბადება".

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები