კარაგერი: ,,პარი სენ ჟერმენს ჩემპიონთა ლიგის მოგების არანაირი შანსი არ აქვს''

25 ნოემბერი 2021

,,ლივერპულის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, ,,სიტისა'' და ,,პსჟ-ს'' შეხვედრის შემდეგ, პარიზული გუნდის შემტევები მწვავედ გააკრიტიკა:

,,უბრალოდ არ მჯერა, რომ გუნდებს ისევ აქვთ ,,არაფრისმაქნისი'' ფეხბურთელების გუნდში გაჩერების ფუფუნება. ავიღოთ 4 გუნდი, რომლებსაც, ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი აქვთ - ლივერპული, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, ბაიერნი. მათ გუნდში ,,უბილეთო მგზავრი'' არ ჰყავთ. პსჟ-ში კი ასეთი სამი მოთამაშეა - ნეიმარი, მესი და მბაპე. ამიტომ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მოგების არანაირი შანსი არ აქვთ.

მბაპეს შემთხვევაში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ. მესის გარკვეულწილად მესმის, ის 34 წლისაა. მაგრამ, კილიანი 22 წლისაა, მან უკან უნდა დაიხიოს და თანაგუნდელებს დაეხმაროს. მოედანზე სეირნობა მიუღებელია, ამას, უბრალოდ, ვერ შევეგუები. როცა ვხედავ მოჰამედ სალაჰს, სადიო მანეს, კევინ დე ბრუინეს, მაჰრეზს, სტერლინგს, მიულერს, ლევანდოვსკის, რომლებიც ყველგან დარბიან...

ჩემთვის სულერთია, როგორი კარგია ფეხბურთელი თუ ის გუნდისთვის არ მუშაობს,'' - განაცხადა კარაგერმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,პარი სენ ჟერმენს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გუშინ ფლეიოფის საგზური ორივე გუნდმა ოფიციალურად გაიფორმა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები