პაუ ტორესი: ვან დაიკი მსოფლიოს საუკეთესო მცველია

24 ნოემბერი 2021

უკანასკნელი წლების განმავლობაში ვირჯილ ვან დაიკის ქება უცხო რამ ნამდვილად არაა, ერთ-ერთი ბოლო ადამიანი კი, რომელმაც "ლივერპულის" მცველი შეაქო, "ვილიარეალის" ფეხბურთელი, პაუ ტორესია.

"ამჟამად ვირჯილი მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველია. მისი ფიზიკური კონდიციების გამო, მეტოქის სისწრაფეს მნიშვნელობა არ აქვს. ნიდერლანდელს სირბილისთვის სივრცის დატოვება შეუძლია და თამაშის წაკითხვის უნარი გააჩნია.

მსოფლიოში საუკეთესოებს უნდა ვუყუროთ და დავაკვირდეთ, როგორ მოქმედებენ ისინი თავდაცვით სიტუაციებში. ძალიან საინტერესოა იმის ხილვა, თუ როგორ იცავს თავის გუნდს ვან დაიკი, რადგან "ლივერპული" მუდმივად მაღლაა აწეული, ვირჯილმა კი უკან დიდი სივრცე უნდა აკონტროლოს.

კონტრშეტევის დროს მისი გადაადგილება ნამდვილად გასაოცარია", - ციტირებს ტორესის სიტყვებს Mail Online.

ვან დაიკს, ტრავმის მოშუშების შემდეგ, ფორმაში შესასვლელად გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა, პრემიერ ლიგის მე-12 ტურში, "არსენალის" წინააღმდეგ (4-0), მან სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები