სამპდორიას პრეზიდენტი: ,,რონალდუს იუვენტუსიდან წასვლა ყველასთვის უკეთესი იყო''

02 სექტემბერი 2021

,,სამპდორიას'' პრეზიდენტმა, მასიმო ფერერომ, კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლაზე ისაუბრა:

,,ხანდახან უმჯობესია, გარკვეული თანხა დაკარგო, ვიდრე შეინარჩუნო ფეხბურთელი, რომელსაც შენს გუნდში თამაში აღარ სურს და ამიტომ ვერც ბოლომდე დაიხარჯება. რონალდუს ,,იუვენტუსიდან'' ,,მანჩეტერ იუნაიტედში'' გადასვლა ყველასთვის კარგია, რადგან ძველი კრიშტიანუ აღარ იყო,'' - განაცხადა ფერერომ.

,,მანჩესტერ იუნაიტედმა” რონალდუს ტრანსფერი 27 აგვისტოს დააანონსა. კრიშტიანუმ ბოლო სამი წელი ,,იუვენტუსში” გაატარა. 36 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტურინული გუნდის მაისურით ჩატარებულ 44 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,იუნაიტედს'' პორტუგალიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც მომავალი 5 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს. გარდა ამისა, კონტრაქტი ბონუსების სახით თანხის 8 მილიონი ევროთი გაზრდას ითვალისწინებს.

ავტორი: თაზო ერისთავი

კომენტარები