Paul Hunter - The Man with the Golden Cue

29 იანვარი 2020

 “საშინლად ზარმაცი ვარ, ვიცი, რომ სნუკერს საათები უნდა დავახარჯო,  ვიცი, რომ უნდა დავაკვდე, მაგრამ არ შემიძლია, ვარჯიში და რუტინა ხომ ისეთი მოსაწყენია. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი, ღარიბი რაიონიდან და ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ, ისეთით, როგორითაც ყველა. მე მართლა ძალიან მინდა მსოფლიო ჩემპიონობა, მაგრამ ასევე არანაკლებ მინდა ძმაკაცებთან ერთად დალევა, მოწევა და დიახ, გაგივკირდებათ და შეყვარებულთან სექსიც. მე მომაკვდინებლად ჩვეულებრივი ვარ.“

არადა არ იყო... პოლ ჰანტერისთვის ყველაფერი შეგეძლო დაგებრალებინა ამ ქვეყნად, მაგრამ არა ჩვეულებრივობა.

1978 წელს, ლიდსის მცირე მიკრორაიონში დაბადებული ჰანტერი სკოლაში ცუდად სწავლობდა და ნებისმიერ ჩხუბში პირველი ჩნდებოდა (უმეტესად თვითონვე იწყებდა).

როდესაც 10 წლის ასაკში, სკოლიდან კიდევ ერთხელ გაიპარა და რაღაცნაირად ერთ–ერთ ადგილობრივ ბარშიც ამოყო თავი, ტელევიზორში ალექს ჰიგინსი ნახა, ოდიოზური ჩრდილო ირლანდიელი, რომელიც მეტოქეს ანადგურებდა და შესვენებებში ლუდსაც გეახლებოდათ (მაშინ ეს სნუკერში დასაშვები იყო). ნიჭიერმა პატარა პოლმა მაშინვე იფიქრა, რომ ცხოვრების ესეთი სტილი მისთვის იდეალური იქნებოდა.

ასეც აღმოჩნდა...

12 წლის ასაკში იორკშირის საგრაფოს ჩემპიონი გახდა  16 წლამდელებში. მისი ტალანტი სპეციალისტებმა მალევე შეამჩნიეს და ერთდროულად რამდენიმე სასნუკერო სკოლიდან შემოთავაზებაც გაუკეთეს, მისი ზერელე ხასიათი კი ასაკის პრობლემებს დააბრალეს.

14 წლის ასაკში, ჰანტერმა იმხელა ნიჭი გამოავლინა, რომ ყოფილმა სნუკერისტებმა, ჯო ჯონსონმა და ჯიმი მიჩიმ მას სკოლის დამთავრება და მთლიანად სნუკერზე კონცენტრირება ურჩიეს. 

ამით ჰანტერის კიდევ ერთი ოცნება ახდა – სკოლის დატოვების ლეგალური საშუალება მიიღო. „სკოლაში ყველა იმის გამო დამცინოდა, რომ მათგან განსხვავებით, ფული მქონდა, თან როგორ, ბურთების ჩაგდებით გამომუშავებული. ვერავინ ხვდებოდა რამხელა შრომად მიჯდებოდა ეს ყველაფერი, კიდევ 4 წელიწადს ამ წუმპეში ვეღარ გავძლებდი.“

ლიდსი არ იყო საუკეთესო ადგილი ჰანტერის დონის ტალანტისთის. პოლის მამას, ალანს, რომელიც ავტობუსის მძღოლად მუშაობდა, სახლის გაყიდვა და მთელი  დანაზოგის დახარჯვა მოუწია იმისთვის, რომ შვილი ლესტერის აკადემიაში მოეწყო. იქ მან თავისი საუკეთესო მეგობარი და მომავალში მსოფლიო ჩემპიონატების 2–გზის ფინალისტი, უელსელი მეტიუ სტივენსი გაიცნო.

სტივენსთან ერთად, მან ბრიტანეთის წყვილების იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 15 წლის ასაკში ჰანტერმა თავის მთავარ წარმატებას მიაღწია ჭაბუკთა კატეგორიაში. მან ბრიტანეთის თვრამეტწლამდელთა სამოყვარულო ჩემპიონატის ფინალში გააღწია. ფინალი ჰანტერმა წააგო, წააგო მომავალში თავიდან ძალიან წარმატებულ, სნუკერის მთავარ პუტკუნასთან, სტივენ ლისთან, რომელმაც რამდნიმე წელიწადში წლებით გამომუშავებული ბუნჩულა კეთილი ბიჭის იმიჯი ნამსხვრევებად აქცია და 14  წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებისთვის.

16 წლის ჰანტერი უკვე თავის გაცილებით ზრდასრულ მეტოქეებს ამარცხებდა ვარჯიშებზე, თუმცა პროფესიული ტურის კვალიფიკაციებში მონაწილეობის მიღება აკრძალული ჰქონდა. სნუკერის იმდროინდელი წესების მიხედვით, მხოლოდ სრულწლოვნებს შეეძლოთ პროფესიული სტატუსის მოპოვება.

სნუკერის ხელმძღვანელობა კარგად ხვდებოდა, რომ ჰანტერი, თავისი გარეგნობის და ქცევის მანერის გამო, მაყურებლებში თავიდანვე კოლოსალურ პოპლარულობას მოიპოვებდა. სნუკერს ჰყავდა ხულიგნები ალექს ჰიგინსისა და ჯიმი უაიტის სახით, ჰყავდა სკანდალური ახალგაზრდა სუპერტალანტი რონი ო’სალივანი, ჰყავდა  მხატვარი და კრეატიულობის განსახიერება მარკ უილიამსი, ოჯახურობის და წესიერების სიმბოლოები ჯონ ჰიგინსი და სტივენ ჰენრი. ნიჭიერი და ზარმაცი პლეიბოი იდეალური შევსება იქნებოდა ინგლისის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობისთვის. ასე რომ 17 წლის ასაკში, ჰანტერი ისტორიაში მხოლოდ მეოთხე სნუკერისტი გახდა, ვინც სრულწლოვნებამდე მიიღო პროტურის ლიცენზია, სამი ლეგენდის, ჰენრის, უიატის, და სალივანის შემდეგ.

ტურში გამოჩენის პირველივე დღიდან, ჰანტერს „სნუკერის ბექჰემი“ შეერქვა. მას, დროთა განმავლობაში კიდევ რამდენიმე ნიკი დაემატა, მათ შორის "პლეიბოი", „ადამიანი ოქროს კიათი“(თმის ფერის გამო) და „სექს მანქანა“(ქვემოთ განვმარტავთ). თუმცა პირველი მეტსახელი ბოლომდე შერჩა.

სადებიუტო სეზონში, ჰანტერმა სკეპტიკოსები, რომლებიც პოლისთვის ტურში მოწვევის ერთადერთ მიზეზად მის გარეგნობას ასახელებდნენ, პირში ჩალაგამოვლებულები დატოვა. მნიშვნელობით მეორე ტურნირზე,“ UK Championship–ზე“ 17 წლის ჰანტერმა მსოფლიოს მეექვსე ნომერი, გამოცდილი შოტლანდიელი, ალან მაკმანუსი დაამარცხა, მალევე კი “Welsh open–ის“ ნახევევარფინალამდე იარა. ის დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა სნუკერისტად, ვინც უელსის ნომერ პირველ ტურნირზე ნახევარფინალი ითამაშა.

პირველი სეზონი ჰანტერმა რეიტინგის 43–ე პოზიციაზე დაასრულა, რაც ცხრამეტწლამდელ სნუკერისტებს შორის მხოლოდ მეხუთეჯერ მოხდა.

19  წლის პოლ ჰანტერმა უკვე პირველი ტიტულიც მოიგო, ისევ მისთვის წარმატებულ უელსში, გზაზე სამი სხვადასხვა დროის მსოფლიო ჩემპიონის ჩამოცილებით და წლის საუკეთეო ახალგაზრდის პრიზთან ერთად, სოლიდური ჩეკიც მიიღო 70 000 ფუნტის სახით.

როდესაც 21 წლის პოლ ჰანტერმა რეიტინგის მე–12 პოზიციას უწია, მისი ბავშვობის არაპროფესიონალობის პრობლემებიც ამოტივტივდა, ღამის კლუბებს, ალკოჰოლს და ურეჟიმობას ნარკოლოგიური ტესტის ჩაგდებაც მოჰყვა.

„იმ პერიოდში აბსოლუტურად ყოველი მატჩის შემდეგ ვსვამდი, ხშირად ნარკოტიკებსაც ვეძალებოდი, თუმცა ვიცოდი, რომ ალექს ჰიგინსის გზას არასდროს დავადგებოდი და ესეთი ცხოვრება ბოლომდე არ ჩამითრევდა, ვიცოდი რადგან ყოველ დღე ვხედავდი მამაჩემს, რომელმაც ჩემ გამო ყველაფერი გაწირა და რომელსაც საათობით ჩემნაირი უსაქმურების ტარებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ჰქონდა იმის მესამედიც კი გამომუშავებული, რამდენიც მე, ერთი ტურნირის მოგებაში“

ჰანტერი 2001 წელს, 23 წლის ასაკში ტრიუმფალურად დაბრუნდა. დაბრუნდა ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს ყოფილა აქამდე. რეჟიმში ჩადგომამ ის სულ სხვა დონეზე აიყვანა.

ლონდონის მასტერსი, რომელიც რანგით მესამე და ფულით მეორე ტურნირია სნუკერში, ჰანტერმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა, მათ შორის საუკეთესო მეგობარი და იმ დროს, რეიტინგში უფრო მაღლა მდგომი სტივენსიც დაამარცხა.

 

ამ ტურნირზე პრობლემა ჰანტერს მხოლოდ ერთ შეხვედრაში, ირლანდიელ ფერგილ ო’ბრაიანთან მატჩში შეექმნა, სადაც ჰანტერობამ ისე იჩინა თავი.

 პირველი სესიის შემდეგ, ჰანტერი 2:6 აგებდა. დიდი შესვენების დროს, სნუკერის მაგიდაზე ვარჯიშის მაგივრად, როგორც ამას ყველა აკეთებდა, ჰანტერი ცოლთან ერთად სასტუმროსკენ გაემართა.

მეორე სესია ჰანტერმა ფენომენალურად ჩაატარა. 4 სენჩირი გააკეთა (ასქულიანი სერია) და ირლანდიელს 10:9 მოუგო. მატჩის შემდგომ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ „გეგმა ბ–ს“ ამოქმედება მოუწია შესვენების დროს. მეტსახელი „სექს მანქანა“ ჰანტერს ამ შეხვედრის შემდეგ შეერქვა. გამარჯვებისთვის ჰანტერმა 184 000 ფუნტი აიღო.

იმ წლებში ჰანტერმა რეიტინგის მეოთხე პოზიციამდე მიაღწია, „მასტერსი“ კიდევ ორჯერ მოიგო, იმარჯვა გერმანიის და ბრიტანეთის თასებზეც. ჰანტერი პოპულარულობის პიკზე იყო. მისი ასპარეზობის პერიოდში სნუკერის ქალთა აუდიტორია 8–ჯერ გაიზარდა, თვითონ „სნუკერის ბექჰემი“ კი მსოფლიოს ყველაზე სექსუალური კაცი სპორტსმენების სიის დადგენაში,  რამდენიმეჯერ, მხოლოდ ნამდვილს ჩამორჩა. შეფილდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის პლაცდარმი თითქოს ბოლომდე მომზადებული იყო, მაგრამ...

ჰანტერს ნელ–ნელა ჩვეული ღიმილი უქრებოდა, მისი მხიარული და ლაღი ხასიათი სადღაც გაქრა. თამაშების დროს მალე იღლებოდა, რის გამოც რამდენიმეჯერ ნაადრევად მოიხსნა და ჯარიმაც მიიღო.

მაყურებლები ამას ხან ცოლთან პრობლემებს, ხან ნარკოტიკებზე კიდევ ერთხელ შეჯდომას და ხან უბრალოდ ვარსკვლავურ ავადმყოფობას აბრალებდნენ.ეს უკანასკნელები  თითქმის მართლებიც აღმოჩნდენ – ავადმყოფობა იყო, ოღონდ არა ვარსკვლავური.

2004 წლის „Irish Open–ზე“ ჰანტერი თავისი ლეგენდარული ოქროს თმების გარეშე, მთლიანად თმაგაცვენილი და გათეთრებული სახით მოვიდა.

ყველაფერი გასაგები იყო. ინტერვიუში ჰანტერმა მისთვის სახასიათო პირდაპირობით, ზედმეტი პათოსის და ცრემლების გარეშე განაცხადა, რომ უკურნებელი ონკოლოგიური დაავადება ჭირდა და იმედი არ არსებობდა.

იმავე სეზონში ჰანტერის მეუღლემ, ლინდსიმ, პოლს ივი–როუზი გაუჩინა.

2005 წელს, 26 წლის ჰანტერი ყველა ტურნირზე იღებდა მოწვევას, თუმცა ხანგრძლივ და დაძაბულ მატჩებს ქიმიოთერაპიის გამო, ვეღარ უძლებდა.

2006 წლის 9 ოქტომბერს, პოლ ჰანტერი, ხანგრძლივი ბრძოლის  შემდეგ, 28–ე დაბადების დღემდე 5 დღით ადრე, ქალაქ ჰადერსფილდში გარდაიცვალა.

მისი სახელის უკვდავჰყოფის რამდენიმე ვერსია განიხილებოდა, ყველაზე საინტერესო ლონდონის „მასტერსის“  „პოლ ჰანტერ ოუფენად“ გადარქმევა იყო შემოთავაზებული ჯიმი უაიტის მხრიდან, თუმცა ტურნირი ამისთვის კონსერვატორმა ხელმძღვანელებმა ზედმეტად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და მხოლოდ თასს დაარქვეს მისი სახელი. ჰანტერის სახელობისაა ასევე გერმანიაში ჩატარებული სარეიტინგო ტურნირიც.

პოლ ჰანტერი არ ყოფილა არც რონი ო’სალივანი, არც სტივენ ჰენრი და არც ჯონ ჰიგინსი. მას სნუკერი არ შეუცვლია, იგი მსოფლიო ჩემპიონიც კი არ ყოფილა. მაგრამ ჰანტერი მაინც ყველას ენატრება. უფრო სწორედ გვენატრება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არც გვიყვარდა, არც კი ვგულშემატკივრობდით, გვაღიზიანებდა კიდეც, მაინც გვენატრება. ისევე როგორც სპორტს ყოველთვის მოენატრება სენა, პანტანი, ახლა უკვე კობიც.

R.I.P Mr. Playboy

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები