უკანასკნელი რაუნდი

28 იანვარი 2020

უკანასკნელი რაუნდი

1994 წლის 27 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების   შედეგად ქვეყნის სათავეში მოვიდა ნელსონ მანდელა, რითაც საბოლოოდ დამარცხდა სამარცხვინო "აპარტეიდის" რეჟიმი. მსოფლიომ თავისი კეთილი ნება გამოხატა ამ ფაქტის მიმართ და დიდ ხნიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ სამხრეთ აფრიკის სარაგბო ნაკრები არათუ დაუშვა მომდევნო წელს გასამართ მსოფლიო თასზე, არამედ მასპინძლობის უფლებაც უბოძა. ეს იყო უდიდესი გამოწვევა,  ტესტი, რომელიც მთელს სამხრეთ აფრიკელ ერს უნდა ჩაებარებინა მსოფლიოს წინაშე.

1994 წლის სექტემბრის  ერთ მზიან დილას, იოჰანესბურგის ერთ ერთ გარეუბანში მცხოვრები  კრისტების ოჯახი ტრადიციულად საუზმისთვის ემზადებოდა, როდესაც ფოსტალიონმა  კარზე  მორიდებით დააკაკუნა და ოჯახის უფროსის – კიჩ კრისტის სახელზე ორი  წერილი მოიტანა. პირველი მათგანი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გახდლათ, მთავარი ექიმი იტყობინებოდა რომ კიჩის ანალიზების პასუხები დამაიმედებელი უკვე აღარ იყო და ლეიკემიის მკურნალობა ნელ ნელა კონტროლის საზღვრებს სცდებოდა... ამ სიახლის გაჟღერებამ ოჯახში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა არა კიჩისთვის. მან დინჯად მეორე წერილიც გახსნა, რომელშიც სამხრეთ აფრიკის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი  პირადად სთხოვდა ჩაებარებინა და გაეწვრთნა ქვეყნის ეროვნული ნაკრები.

კიჩი წამიერად სხვა განზომილებაში გადავიდა და ფიქრებმა წაიღო, თვალწინ გაურბინა ბავშვობამ, მუშათა კლასის უბანში გატარებულმა ტკბილმა წლებმა, როდესაც თავის თანატოლებთან ერთად მთელი დღეები ოვალურ ბურთს დასდევდა მწვანე მოედნებზე, ერთადერთი ადგილი, სადაც აპარტეიდის რეჯიმს ვერ შეეღწია, ვინაიდან როდესაც ერთ გუნდში მოხვდებოდით აღარ ქონდა მნიშვნელობა კანის ფერს, აბსოლიტურად ყველა თანასწორი ხდებოდა, ვინაიდან მათი დახმარების გარეშე შენ წააგებდი, ისევე როგორც ისინი შენს გარეშე: იბადებოდა ერთნმანეთის ნდობა, მეგობრობა, ურთიერთგატანა ... გონებაში ნელ ნელა  ამოტივტივდა ინგლისში გატარებული სტუდენტობა, მშობლები.. წამიერად გაიელვა უკვე წარმატებულმა სამწვრთნელო კარიერამ, კლუბებმა - რომელთა სათავეშიც მან საყოველთაო პატივისცემა მოიპოვა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს ყველაფერი უკვე დასასრულისკენ მიექანებოდა...

კრისტის ყველაზე მეტად ის აშინებდა, რომ ბედისწერა  ჯერ მის სახელს და წლების განმავლობაში მოპოვებულ პატივისცემას  გაანადგურებდა და მხოლოდ ამის შემდეგ დასვავდა საბოლოო წერტილს მის ინიციალებთან, ვინაიდან ამ ფორმაციის სამხრეთ აფრიკის ნაკრების ჩაბარება სრული სიგიჟე გახლდათ: ნაკრები ორად იყო გახლეჩილი, თეთრკანიანი მოთამაშეები შავკანიან თანაგუნდელებთან არათუ ერთ ოთახში ცხოვრებას, არამედ ვარჯიშსაც კი უარობდნენ, შედეგიც სახეზე იყო: აფრიკა კატასტროფული სხვაობებით აგებდა ახალ ზელანდიასთან, ავსტრალიასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან. სწორედ იმ ნაკრებებთან რომელთანაც 8 თვეში მოუწევდათ მსოფლიო თასზე დაპირისპირება და იქ ასეთივე შეცდომის დაშვება პრაქტიკულად დაასამარებდა კიჩის სამწვრთნელო კარიერას. მისტერ კრისტის იმ მომენტისათვის თვით ყველანაირ პოლიტიკურ თანამდებობაზე სარისკოს და საპასუხისმგებლო პოსტს სთავაზობდნენ.  

კიჩს უეცრად გონგის ხმა ჩაესმა – მის ცხოვრებაში ფინალური რაუნდი იწყებოდა, რეალურად კი ეს სატელეფონო ზარი იყო პრეზიდენტის აპარატიდან: ნელსონ მანდელა პირადად სთხოვდა ამ თანამდებობის დაკავებას. ბრიტანელი მშობლების აღზრდილმა სამხრეთ აფრიკელმა პატრიოტმა  გადაწყვეტილება წამიერად მიიღო: ის ღირსეულად იბრძოლებდა უკანასკნელ რაუნდშიც.

კიჩმა ნაკრების სათავეში  მისვლის დღიდანვე  რეფორმები წამოიწყო, პირველ რიგში ფერად კანიან მოთამაშეებს გაუხსნა გზა ეროვნული ნაკრებისკენ და ახალ კაპიტნად თავისივე შორეული ნათესავი 27 წლის ფრანსუა პიენაარი აირჩია, ადამიანი, რომლისაც მას სჯეროდა, და მის დასახმარებლად თანაგუნდელები ჯოჯოხეთშიც კი წავიდოდნენ.

 რაოდენ ძლიერი ინდივიდუალისტებიც არ უნდა გყავდეთ ნაკრებში, თუ ისინი გუნდური ქმედების პრინციპებს არ ითვალისწინებენ, მაშინ წარმატება აუცილებლად სხვას დარჩება, ეს კარგად მოეხსენებოდა კრისტის და მანაც ეროვნულ გუნდში ახალი, დიდი სარაგბო ოჯახის შენება დაიწყო. "სპრინგბოქსმა" ტესტ მატჩში ჯერ არგენტინა დაამარცხა, რასაც ბრიტანული ტურნე მოჰყვა: გამარჯვებები სტუმრად უელსთან და შოტლანდიასთან. "სპრინგბოქსის" წევრებმა ერთმანეთის შესაძლებლობების ნელ ნელა ირწმუნეს და წარმატების იმედიც გაჩნდა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ტურნირზე გამარჯვების ფავორიტთა შორის ისინი მხოლოდ მეცხრეები იყვნენ.

 1995 წლის 25 მაისს ოფიციალურად სტარტი აიღო რაგბის მესამე მსოფლიო ჩემპიონატმა. გახსნით მატჩში ტურნირის მასპინძლები მოქმედ ჩემპიონ ავსტრალიას უპირისპიდებოდნენ. იოჰანესბურგის ცენტრალური სტადიონი ბოლომდე გაივსო, თუმცა გულშემატკივართა შორის მაინც იგრძნობოდა ის ძველი წყენა და ტკივილი, რომელიც აპარტეიდის რეჟიმმა მათში დატოვა. მათ ანსხვავებდათ მხოლოდ კანის ფერი, თუმცა ყველა მათგანი სამხრეთ აფრიკის  ღვიძლი შვილი იყო,  ისინი ვერ თანხმდებოდნენ ფაქტიურად ვერცერთ მცირე დეტალზეც კი: დროშის ფერებზე, ეროვნული გუნდის ემბლემაზე. თუმცა მათ აერთიანებდათ სარაგბო ნაკრები, ვის საგულშემატკივროდაც მოვიდნენ საკუთარი ნებით და "სპრინგბოქსის" წევრებს არანაირი მორალური უფლება არ გააჩნდათ ფანების გაწბილებისა.

 კიჩ კრისტის დამოძღვრილმა გუნდმა პირველსავე მატჩში ჯოელ სტრანსკის კარგი თამაშის წყალობით მოახერხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების დამარცხება 27:18, ეს უკვე  ფაქტიურად ნიშნავდა რომ მასპინძლები ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდნენ და ტურნირის უმთავრეს ფავორიტ ახალ ზელანდიას –  როგორც მინიმუმ ფინალამდე აღარ შეხვდებოდნენ."სპრინგბოქსმა" ჯგუფური ეტაპის დარჩენილი ორი მატჩი ერთი ამოსუნთქვით გაირბინა, რომლის დროსაც იოლად დაამარცხა რუმინეთი და კანადა – მასპინძელთა  გუნდი პლეიოფის სტადიაზე გავიდა, სადაც მათი პირველი მეტოქე დასავლეთ სამოა იყო, თუმცა სამხრეთ აფრიკელებმა ეს ბარიერიც იოლად გადალახეს, რასაც მოყვა ნახევარფინალური ჯახი ფრანგებთან და მორიგი ტრიუმფი: კრუგერის გატანილ ერთადერთ ლელოს სტრანსკიმ 4 საჯარიმო დარტყმა მიაყოლა და "ქურციკები" მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, სადაც მათ უკვე ელოდებოდათ იმდროინდელი სარაგბო მონსტრი – "ოლ ბლექსად" წოდებული ახალი ზელანდიის  პრაქტიკულად უძლეველი ნაკრები თავისი ახალაგაზრდა ლიდერით – ჯონა ლომუთი, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებოდა და ტურნირზე ჩატარებულ 4 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 7 დადებული ლელო ირიცხებოდა, აქედან 4 მან ნახევარფინალურ სტადიაზე ინგლისს გაუტანა.   

 ფინალური მატჩის წინ გასახდელში ნელსონ მანდელა ჩავიდა, რომელმაც "სპრინგ ბოქსის" ყველა წევრს ხელი თბილად ჩამოართვა და წარმატება უსურვა, სამხრეთ აფრიკელთა ლიდერს  პიჯაკის ნაცვლად ეროვნული გუნდის მაისური ემოსა...

  მასპინძლები პირველ წუთებში ოდნავ დაზაფრულები იყვნენ, თუმცა მალევე დაწყნარდნენ, ვინაიდან იაპი მულდერი გასაქანს არ აძლევდა მეტოქის ლიდერ ჯონა ლომუს და აგრესიული ბოჭვებით არაერთხელ დაახევინა უკან. იოლ გამარჯვებებს მიჩვეული ახალი ზელანდია დაიბნა, მათ პირველად შეხვდათ მედგარი წინააღმდეგობა, ეთამაშებოდნენ მოტოქეს, რომელის ყველა წევრს თითქოს დასაკარგი აღარაფერი ქონდა, მათი ცხოვრების ბედი სწორედ "ელის პარკზე" წყდებოდა. 80 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა 12–12. დაინიშნა დამატებითი დრო, ექსტრა ტაიმი, სადაც ორივე ნაკრებს მეტნაკლებად  შანსები გაუჩნდათ წარმატების მისაღწევად: მასპინძლეთა მორიგი შეტევა მეტოქის ნახევარზე და "სპრინგბოქსის" მგეზავ სტრანსკის დროული პასი მისდის, რომელმაც 35 მეტრიდან არეკნი დაარტყა და ზუსტად გაატარა ოვალური ბურთი მეტოქის ძელებს შუა. მალევ საფინალო სასტვენიც გაისმა და სასწაულიც შედგა – სამხრეთ აფრიკის ახლად ჩამოყალიბებულმა რესპუბლიკამ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა: მსოფლიო თასის დებიუტანტები საბოლოოდ ტურნირის ტრიუმფატორები გახდნენ, ზეიმობდა სამწვრთნელო შტაბი, მოთამაშეები,  მომსახურე პერსონალი, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი. სამხრეთ აფრიკა ისევ ერთ დიდი ოჯახად ჩამოყალიბდა.

კიჩ კრისტიმ თავის ცხოვრების უკანასკნელი  რაუნდშიც  ღირსეულად გაძლო,ბოლომდე შეურყევლად იდგა ფეხზე,  თუმცა ბედისწერამ ის მაინც არ დაინდო და 1998 წლის 22 აპრილს,ავადმყოფობასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ  48 წლის ასაკში გარდაიცვალა. 2011 წელს ჯორჯ მოირ "კიჩ" კრისტი სარაგბო სამყარომ დიდების დარბაზის წევრად აქცია.       

 

 

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები