GORAN You Are The Man

28 იანვარი 2020

GORAN You Are The Man

სახელოვანი ხორვატი ჩოგბურთელის - გორან ივანიშევიჩის კარიერა ნელ-ნელა დასარულისკენ მიექანებოდა. მისი ზეობის ხანამ ხომ დიდი ხნის წინ ჩაიარა - თითქმის 7-მა წელიწადმა განვლო მას შემდეგ, რაც Crazy Goran-ო მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომრობამდე აღზევდა,როდესაც ყველა საჩოგბურთო ტურნირზე სასურველი სტუმარი და გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი გახლდათ, როცა მის მიერ ჩაწოდებული „ეისები“ ერთმანეთის მიყოლებით ანახლებდნენ მდიდარი საჩოგბურთო ისტორიის რეკორდებს. თუმცა ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა... ATP-ის 21 ტურნირის ტრიუმფატორის ანგარიშზე არ გახლდათ არცერთი „დიდი სლემის“ ტიტული, არადა ცხოვრებამ მას ასეთი 5 შანსი უბოძა - სამჯერ უიმბლდონის ერთეულთა ფინალში დამარცხდა, ორჯერ კი „როლანდ გაროსის“ წყვილთა თანრიგის გადამწყვეტ დაპირისპირებაში.

2001 წელიც ივანიშევიჩისთვის უიღბლოდ დაიწყო. სეზონის პირველ ტურნირზე მხრის ტრავმა გაიმიზეზა. ვინაიდან რეიტინგში საუკეთესო ასეულს მიღმა იმყოფებოდა (132), ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწია ჩართვა, მომდევნო კვირას კი გერმანიაში გასამართი ყველაზე დაბალი კატეგორიის ტურნირიდან მიიღ მიწვევა - Heilbronn Challenger-ზე თავაზობდნენ ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქეები ახალბედა, 16-17 წლის ბიჭები და ის ვეტერანები იქნებოდნენ, რომლებიც დღე-დღეზე დაასრულებდნენ არცთუ ისე წარმატებულ კარიერას.

გორანის თავში ათასი აზრი ტრიალებდა: ხომ არ დადგა დრო, სახელოვანი კარიერა დაასრულოს და საბოლოო წერტილი დასვას?პრესაშიც რამდენჯერმ გაიელვა ფრაზამ, სადაც ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ივანიშევიჩმა საკუტარი თავი მთლიანად ამოწურა და მისი მაქსიმუმი კარიერულად მეორეობა გახლდათ, ვინაიდან ტრადიციულად თითქმის ყველგან ვიღაც მასზე უკეთესი იყო.

30 წლის ხორვატმა გადაწყვიტა გამგზავრებულიყო გერმანიაში, კარიერის დარჩენილ მცირე ეტაპზე უბრალოდ მაქსიმალური სიამოვნება მიეღო ყველა მატჩისგან და რომელიმე მაღალი კატეგორიის ტურნირზე  მიღებული მარცხის შემდეგ დაესრულებინა კარიერა თუნდაც სანახევროდ შევსებული ტრიბუნების თვალწინ.

ბრიტანელ გულშემატკივარს ყოველთვის ხიბლავდა გორანის სათამაშო სტილი Serve&Volley,ვინაიდან ის პირდაპირ მიესადაგებოდა უიმბლდონის მეგა ტურნირს და ბალახის საფაროვან კორტებს. ტურნირის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს რა გულშემატკივართა ინტერესი, მსოფლიოს 125-ე ჩაოგანს ველური ბარათი (Wild Card) უბოძეს - ივანიშევიჩი ძირითად ბადეში მოხვდა - და აი ისიც: დასასრულის დასაწყისი.

ტურნირის დაწყების წინ 58 წლის გორან ივანიშევიჩმა საკუთარ შვილს გაზეთის შუა გვერდზე გადაუშალა, სადაც ფოტოებით გადმოცემული იყო ლეგენდარული კალათბურთელის - დრაჟან პეტროვიჩის კარიერა. გორანის უახლოესი მეგობარის ავტოკატასტროფაში დაღუპვიდან 8 წელი გასულიყო...ჩოგბურთელმა მდუმარედ ჩახარა თავი და გაიფიქრა:“დრაჟან, მე შენ ახლა ყველაზე მეტად მჭირდები“.

ივანიშევიჩს ტურნირზე პირველ მეტოქედ საშუალო დონის შვედი ჩოგბურთელი ფრედერიკ ჯონსონი ერგო, რომლისთვისაც ბალახზე წარმატებული თამაში უცხო ხილი გახლდათ და ეს შანსი გორანმა იოლად გამოიყენა 6:4 6:4 6:4. თუმცა ხორვატისთვის წილისყრაში იღბალი სწორედ აქ დასრულდა, როდესაც მეორე მოწინააღმდეგედ ბედმა ლეგენდარული ესპანელი ჩგბურთელი კარლოს მოია არგუნა, ხოლო მესამე წრის პოტენციურ მეტოქედ ახალი თაიბის ამერიკული ბომბდამშენი - ენდი როდიკი.

შეხვედრის სტარტზე მოიამ სცადა ხორვატისთვის დაბალი სათამაშო ტემპი და ხანგრძლივი გათამაშებები დაეპირისპირებინა, თუმცა გორანის ჩაწოდება ძველებურად „მწყობრში ჩადგა“, თითქოს მხრის ქრონიკული ტრავმაც სადღაც გაქრა და ივანიშევიჩმა გამარჯვება 4 სეტში მოიპოვა 6:7 6:3 6:4 6:4 - საჩოგბურთო სპეციალისტები სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ, მოულოდნელი შედეგი კი იმ ფაქტით ახსნენს, რომ ესპანელებს ტრადიციულად „არ ეხერხებათ“ ბალახზე თამაში.

ენდი როდიკთან დაპირისპირება გორანისთვს ნამდვილ გამოწვევად იქცა, სადაც „იანკის“ ახალგაზრდული მონდომება მისმა კოლოსალურმა გამოცდილებამ გადაფარა და კვლავ 4 სეტში მოგებული მატჩი 7:6 7:5 3:6 6:3 - ვეტერანმა ტურნირის პირველ კვირაში „გმირულად გაძლო“.

ინგლისურმა ამინდმა მერვედფინალების დაწყება 24 საათით შეაფერხა, რამაც გორანს ჩინებული სამსახური გაუწია - დასვენებულმა ხორვატმა 88 წუთში გაანადგურა ადგილობრივი პუბლიკის ფავორიტი გრეგ რუზეცკი , თუმცა ეს მოვლენა მეტნაკლებად ყურადღების ცენტრს მიღმა დარჩა, ვინაიდან პარალელურად სრულიად ახალგაზრდა როჯერ ფედერერმა უიმბლდონის დიადი ჩემპიონი პიტ სამპრასი დაამარცხა.

ივანიშევიჩმა თითქოს მაქსიმუმი გააკეთა - თავის უკანასკნელ ტურნირზე 8 საუკეთესოს შორის გააღწია და თუ მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანთან - რუს მარატ საფინთან დამარცხდებოდა, მას ამისთვის არავინ გაკიცხავდა. ეს კარიერის დასასრულებლად შესანიშნავი პლაცდარმი გახლდათ.

ახალგაზრდა რუსი საჩოგბურთო ვარსკვლავი მატჩს მობილიზებული შეხვდა, თუმცა მან ერთი ფაქტი ვერ გათვალა - მის მოწინააღმდეგეს დასაკარგი უკვე აღარაფერი ქონდა - ივანიშევიჩმა გარისკა და ამ ქმედებამ მას ამჟერადაც წარმატება მოუტანა. მარატი ხორვატის ჩაწოდებაზე უბრალოდ ერთი კუთხიდან მეორისკენ სიმბოლურად გადადიოდა, რადგან არანაირი შანსი არ ქონდა აეღო გორანის „რეაქტიული სისწრაფის“ ჩაწოდებები, რომელთა საშუალო სისწრაფე 215 კმ/სთ-ს უახლოვდებოდა.საფინმა წააგო და მატჩის მიმდინარეობისას 4 ჩგანი გატეხა. პრესკონფერენციაზე კი ლეგენდარულ ესპანელ მანოლო სანტანას მიბაძა და მისი ფრაზა გაიმეორა:“ბალახი არის ძროხებისთვის, გვათამაშეთ სადმე ნორმალურ საფარზე“.

კომპიუტერული თამაშების მსგავსად,ყველა განვლილი ეტაპის შემდეგ მოწინააღმდეგეთა სიმძლავრე პროგრესულად იზრდებოდა, შემდეგი საფეხური კი უკვე ტურნირის ნახევარფინალური სტადია და Son of the Wimbledon-ად წოდებული კორტების მასპინძელი ტიმ ჰენმანი გახლდათ, რომელსაც კარიერაში ორჯერ წაეგო უიმბლდონის ნახევარფინალი (ორივეჯერ სამპრასთან) და ამჯერად იდეალურ შანს იღებდა პირველად გასულიყო საშინაო დიდი სლემის ფინალში.

პირველი სეტი სტარტზე ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა ნელ ნელა ჩამოცხა და მაშინ როდესაც ყველამ გაიფიქრა, რომ ტაიბრეიკი გარდაუვალი იყო, გორანმა მეტოქეს ბრეიკი შეუსრულა და სეტიც ააცალა 7:5.მეორე სეტში უკვე საჩოგბურთო ლატარეაში ინგლისელს გაუღიმა ბედმა და წონასწორობაც აღდგა 7:5 6:7. მესამე სეტში ივანიშევიჩის თამაში სრულიად მოიშალა, აღარც ძლიერი ჩაწოდება გავიდა და არც „ფორჰენდი“. იმატა ხორვატის „შემოქმედებაში“ უნებლიე და ორმაგი შეცდომების რაოდენობამ, რაც ანგარიშს მყისიერად დაეტყო 0:6.

მეოთხე სეტის სტარტი ნერვულად დაიწყო. გორანი გაჭირვებით ინარჩუნებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებებზე და მორიგი რთული გეიმის შემდეგ , როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად დაღლილი გორანი დასასვენებლად სკამთან ძლივს მივიდა, თუმცა იმ შეგრძნებით, რომ მალე ყველაფერი მისი მარცხით დასრულდებოდა. ხორვატმა ტრადიციულად ცას ახედა და საკუთარი პრობლემები საჩოგბურთო ღმერთებს შესჩივლა. უეცრად ივანიშევიჩს წყლის წვეთი დაეცა მხარზე, რამდენიმე წამში ეს კიდევ ერთხელ განმეორდა - უიმბლდონზე გაწვიმდა და შეხვედრაც შეწყდა. ინგლისური ამინდი ამჯერადაც უხეშად ჩაერია ორგანიზატორთა გეგმებში. პარასკევს დაწყებული შეხვედრა საბოლოოდ კვირას დასრულდა - წვიმის შხაპით გამოფხიზლებულმა გირანმა კარიერაში მეოტხედ მოახერხა უიმბლდონის ტურნირის ფინალის საგზურის მოპოვება, სადაც მას ავსტრალიელი პატ რაფტერი ელოდა, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე ასპარეზობას თვით ანდრე აგასი გამოთიშა.

ფინალური შეხვედრა ორშაბათს დაიგეგმა.ეს გორანს კარგად ენიშნა, ვინაიდან მას წინა სამი უიმბლდონის ფინალი, ცენტრალურ კორტზე კვირას ქონდა წაგებული, ახლა კი ეს უკვე განვლილი ეტაპი იყო. ახალი კვირის დასაწყისი - იქნებ ახალი წარმატებისაც.

შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და საწყისი სამი პარტია ერთნაირი ანგარიშით 6:3 დასრულდა. გორანი სეტებში 2:1 დაწინაურდა, თუმცა რაფტერი ასე იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდა, მას ხომ შარშან უკვე ქონდა ნაწვნევი მარცხი უიმბლდონის ფინალში და იგივეს გამეორება ნამდვილად აღარ სურდა.“ოზიმ“ სათამაშო ტემპს უმატა და მეოთხე სეტში წონასწორობა ნახევარ საათში აღადგინა 6:2. პატის მეგობარი გოგონა  - მოდელი ლარა პელტჰემი V.I.P. ლოჟაში თავს უკვე ბედნიერად გრძნობდა და სიხარულს ვერ მალავდა. გორანი კი წამიერად ისევ გაითიშა, თვალწინ გაურბინა წაგებულმა უიმბლდონის ფინალებმა - სამპრასთან, აგასისთან. ხორვატმა დანამდვილებით იცოდა ერთი რამ - მეორება აღარ სურდა.

შეხვედრაში გარდატეხა მეხუთე სეტის მეთხუთმეტე გეიმში მოხდა, როდესაც გორანმა მეტოქეს ბრეიკი გაუკეთა 8-7 დაწინაურდა. მორიგი წუთშესვენების შემდეგ ივანიშევიჩმა მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო და 0:15, თუმცა იქვე ეისი და 15:15. ისევ ჩამორჩენა და კვლავ თანაბარი ანგარიში. აი ისიც - „მატჩბოლი“, ჩემფიონშიფ ფოინთ“, რომელიც არამარტო უიმბლდონის მატჩბოლია, არამედ „კარიერ-ბოლიცაა“, თუმცა ორმაგი შეცდომა და ანგარიში ისევ თანაბარი...

დაძაბულობა პიკს აღწევს, მეოთხე შანსი თამაშის მოგების და რაფტერმა ვეღარ გაძლო - ბურთი ბადეში გაუშვა... დასრულდა... გორან ივანიშევიჩი უიმბლდონის ჩემპიონია. ტურნირის ისტორიაში ერთადერთი ტრიუმფატორია, რომელმაც ველური ბარათის დახმარებით მოახერხა გამარჯვება.

ამაღელვებელი მომენტი გახლდათ, როდესაც გორანმა ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მაისური გადაიცვა და ისე ჩაიბარა სანუკვარი ჯილდო, რაღა თქმა უნდა,საჩემპიონო სიტყვის წარმოთქმისას მან ისტორიული გამარჯვება უდროოდ დაღუპულ მეგობარს მიუძღვნა:“დრაჟან,ჩემო ძმაო შენ დღეს ჩემს გვერდით რომ ყოფილიყავი დარწმუნებული ვარ უბედნიერესი იქნებოდი, თუმცა არა, ეხლაც ვგრძნობ რომ აქ ხარ, ჩემს გვერდით, ღმერთამ გაანათლოს შენი სული“.

გორანმა 2001 წლის ტრიუმფის შემდეგ კვლავ განაგრძო ჩოგბურთის თამაშით უდიდესი სიამოვნების მიღება და კარიერა - ლეგენდის სტატუსით - 2005 წელს დაასრულა.

2020 წლის 27 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ ხორვატი ჩოგბურთელი საჩოგბურთო დიდების დარბაზის წევრი გახდება.   

 

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები