ჭიდაობის ცოცხალი ლეგენდა, ლევან თედიაშვილი 73 წლისაა

15 მარტი 2021

ქართული და მსოფლიო ჭიდაობის ლეგენდა, ლევან თედიაშვილი 73 წლისაა.  ეს სახელი და გვარი გამარჯვებასთან, შეუპოვრობასთან და კეთილშობილებასთან ასოცირდება. ლევან თედიაშვილი, იგივე ''დიდი ტედი'', ჭიდაობის მსოფლიო ლეგენდაა.  რთულად მოიძებნება საქართველოში ზრდასრული ადამიანი, ვისაც მისი სახელი ერთხელ მაინც არ სმენია.

ლევან თედიაშვილის სპორტული შესაძლებლობები უსაზღვრო იყო. ის თავის საუკეთესო წლებში იყო უძლიერესი მოჭიდავე. თავისუფალი ჭიდაობის გარდა, იყო ძალიან ძლიერი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მშობლიურ ქართულ ჭიდაობასა და სამბოში. ქართული ჭიდაობის უზადო ცოდნა, რასაკვირველია, ბუნებრივია, რადგანაც როგორც მისი თაობის ქართველ ფალავანთ უმეტესობა, თედიაშვილის პირველი საჭიდაო გაკვეთილებიც ნახერხზე შედგა და მშობლიურმა ჭიდაობამ დიდი როლი ითამაშა მის კოლოსალურ წარმატებაში. 

ლევან თედიაშვილი ერთადერთი სპორტსმენია, რომელმაც კონტინენტური, მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური ოქროს მედალი სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა. მან ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონობა 82 და 90 კგ. წონით კატეგორიებში იზეიმა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის მოგება -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოახერხა.

პირველი დიდი ტიტული თედიაშვილმა 1971 წელს მოიპოვა. მან სოფიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამის შემდეგ იყო ტრიუმფი მიუნხენში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე. ოლიმპიადის შემდეგ მან წონითი კატეგორია შეიცვალა და ოთხი წლის განმავლობაში, უკვე 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის დაუმარცხებელი ფალავანი იყო. მან ა1973-76 წლებში, ზედიზედ სამი მსოფლიო ჩემპიონატი და მონრეალში გამართული ოლიმპიადა მოიგო. ასევე, ტოლედოში გამართული მსოფლიო თასის ტრიუმფატორი გახდა. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადასვლის შემდეგ, ლევან თედიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც გდრ-ის წარმომადგენელთან, ჰარალდ ბუტნერთან დამარცხდა.

ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებების პარალელურად, ლევან თედიაშვილმა თავი კონტინენტურ პირველობაზე სამჯერ გამოიჩინა. გახდა მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.

ლევან თედიაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა ჭიდაობის ქართულ და მსოფლიო ისტორიაში. 

Silksport.ge-ს გუნდი ულოცავს ბატონ ლევანს დაბადების დღეს და უსურვებს დღეგრძელობას

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები