ურუგვაის ყველაზე დიდი გული

17 ნოემბერი 2020

ამ კაცის შესახებ პირველად 2010 წლის მუნდიალის პერიოდში გავიგე. ეს მსოფლიო თასი ურუგვაისთვის, ამ საუკუნეში ყველაზე წარმატებულად რჩება. გუნდმა ნახევარფინალში გააღწია და შემდეგ ორი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა დათმო. ჯერ ნიდერლანდებთან, შემდეგ კი - გერმანიასთან. ამ ნაკრებს ბევრი კარგი და უმაღლესი კლასის 4 ფეხბურთელი ჰყავდა: დიეგო ფორლანი (ჩემპიონატის ოქროს ბურთი), დიეგო გოდინი, ედი კავანი (''ნაპოლი''), და ლუის სუარესი (''აიაქსი''). კიდევ იყო ერთი კაცი, რომლის გულიც თითქოს ურუგვაისას უტოლდება. ერთი საოცარი კაცი, სახელად ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი. 

ეს ადამიანი ლოკალური ფეხბურთისთვის აბსოლუტური ლეგენდაა. თუმცა, მის სამწვრთნელო მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რომ უმაღლესი კლასი და  უდიდესი გამოცდილება, თავისუფლად ეყოფა გლობალურ მასშტაბებსაც. ''მილანი'', ''ბოკა ხუნიორსი'', ''კალიარი'', ''ველეს სარსფილდი'' და მრავალი სხვა გუნდის გაწვრთნა მოწმობს იმას, რომ ოსკარ ტაბარესი ძალიან ძლიერი სპეციალისტია. 

და ამ კაცის გული 2006 წლიდან ურუგვაისთან ერთად ფეთქავს. როგორც ნაკრებთან, ისე მთლიანად ქვეყანასთან ერთად. მაესტრო ტაბარესი დღესაც, 14 წლის შემდეგაც იგივე მონდომებით ცდილობს, რომ მისი ნაკრები უკეთესი იყოს. და დიახ, ურუგვაის ნაკრები ამ პერიოდში ყოველთვის იმსახურებდა პატივისცემას. თავისი ბრძოლისუნარიანობით, სამხრეთული შეუპოვრობითა და მოედნის თითოეული სანტიმეტრისათვის თავდაუზოგავი ბრძოლით. იმსახურებდა ერთგული ქომაგების სიყვარულსაც და უბრალოდ, ფეხბურთის გულშემატკივრების დიდ დაფასებასაც. სწორედ ერთი რიგითი ქომაგის პატივისცემის გამოხატვაა ეს ბლოგიც.

რაც პირველად სიტყვა ''ფეხბურთი'' ჩამესმა, ჩემთვის ფეხბურთი და ბრაზილია განუყოფელია ერთმანეთისგან. თუმცა ამ ათწლეულის განმავლობაში, დიდი პატივისცემა დაიმსახურა ამ ისტორიულად ძალიან დიდმა ნაკრებმა, პირველმა მსოფლიო ჩემპიონმა და ბრაზილიის ''მარაკანაზე'' დამმარცხებელმა. ამ პატივისცემის მთავარი მიზეზი ეს ლომგული კაცია მონტევიდეოდან - ოსკარ ტაბარესი! 

73 წლის კაცი ისევ იმავე შემართებით უდგას თავის ბიჭებს სათავეში და მიუძღვება გამარჯვებისაკენ. 2011 წელს ურუგვაელებმა კოპა ამერიკა მოიგეს და ეს ბოლო წლების უდიდესი გამარჯვება იყო. მაესტრო ტაბარესის გუნდი ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო. ასეა დღესაც და ასე იქნება იქამდე, სანამ სამხრეთელები თავიანთი მოხუცისათვის და თავიანთი ქვეყნისათვის ისევ ისეთი გულით ითამაშებენ. დღეს ტაბარესს სჭირდება სპეციალური ტრანსპორტი გადაადგილებისთვის. სჭირდება ყავარჯნები, რადგან ებრძვის ვერაგ დაავადებას, რომელსაც ქრონიკული ნევროპათია ჰქვია. მაგრამ ის არ ნებდება, ურუგვაელთა მამაცი გული კვლავ ადგილზეა და ისევ ცდილობს წარმატებისკენ სწრაფვას.

''ჩვენ ან ვკვდებით, ან - ვკლავთ. '' - ეს სიტყვები მაესტრომ 2018 წელს, ეგვიპტის ნაკრების დამარცხების შემდეგ წარმოთქვა. და ამ ეტაპზე, უკეთესია, რომ ურუგვაი კლავდეს. უკეთესია, რომ კიდევ დიდხანს იყოს ის დიდი გული იქ, სადაც არის და აკეთოს ის საქმე, რაც ასე კარგად გამოსდის. 

ოსკარ ვაშინგტონ ტაბარეს სილვა დაფასებულია ფიფასგანაც, როგორც 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების მწვრთნელი და ასევე დაჯილდოებულია ამავე ორგანიზაციის ღირსების ორდენით. საქართველოში ურუგვაის ერთადერთი გულშემატკივარი ვიცი. ჩემი მეგობარი, რომელიც 2010 წლიდან ამ ნაკრებს ქომაგობს და ვერასდროს მეუბნება მიზეზს, თუ რატომ არის ასე. ''არ ვიცი'' არის ჩემს წელიწადში მილიონჯერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება კაცმა ურუგვაის უქომაგოს. მე უკვე ვიცი რატომაც. მარტივად შეიძლება რომ ეს გუნდი მაესტრო ტაბარესის გამოც გიყვარდეს, სხვა დამოუკიდებელი მიზეზების გარეშე.  ან შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ ეს საოცარი გუნდი თავისი ერთგული კაცით, უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. 

ტაბარესი ურუგვაის სპორტისა და ფეხბურთის ისტორიაში უპრობლემოდ დაიკავებს ადგილს ისეთი დიდი ფიგურების გვერდით, როგორებიც პედრო ხოსე სეა, ალსიდეს გიჯა, პეპე სკიაფინო, ენცო ფრანჩესკოლი, დიეგო ფორლანი და სხვანი არიან. მაგრამ ამ ხალხისგან განსხვავებით, მაესტროს საქმე ჯერ არ დასრულებულა. მწვრთნელ ტაბარესს წინ კიდევ ელოდება მძიმე ბრძოლები, რომელთაც ისეთივე სიმტკიცით შეხვდება, როგორც ყოველთვის. 

ეს ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესია, ურუგვაის ყველაზე დიდი გული. 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები