საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოკა ხუნიორსის ყველა დროის 11

04 აპრილი 2020

3 აპრილს "ბოკა ხუნიორსი" 115 წლის გახდა. 

ამ პერიოდში კლუბს 69 ოფიციალური ტიტული აქვს მოგებული და ამ შედეგით ის არგენტინის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. 

 

მნიშვნელოვანი ტიტულები:

კოპა ლიბერტადორესი - 6

კოპა სუდამერიკანა - 2

საკონტინენთაშორისო თასი (მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) - 3

რეკოპა სუდამერიკანა - 4

არგენტინის ჩემპიონატი - 34 

არგენტინის თასი - 13

 

როგორი იქნებოდა "ბოკა ხუნიორსის" ყველა დროის საუკეთესო 11-ეული?

 

მეკარე: ანტონიო რომა (1960-72) 

რომა "ბოკას" ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე იყო. მეკარემ კლუბში 12 წელი გაატარა და ქვეყნის ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო. აქვე უგო გატიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც "ბოკაში" სწორედ რომას წასვლის შემდეგ მივიდა, მაგრამ რომამ გატის ქომაგების სიყვარულის გამო აჯობა.

 

მარჯვენა მცველი: უგო იბარა (1998-2001, 2002-2003, 2005-2010) 

"ელ ნეგრო" კლუბის ნამდვილი ლეგენდაა. სამ სხვადასხვა პერიოდში მან "ბოკას" რიგებში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ის იმ "ბოკას" წევრი იყო, რომელიც კარლოს ბიანკის ხელმძღვანელობით დომინირებდა, როგორც არგენტინაში, ასევე სამხრეთ ამერიკაში.

 

მარჯვენა ცენტრალური მცველი: რობერტო მოუსო (1971-84) 

მოუსო, რომელმაც "ბოკაში" 13 წელი გაატარა, 426 ჩატარებული მატჩით კლუბის რეკორდსმენია. 1977 წელს ის კლუბს ისტორიაში პირველი ლიბერტადორესის თასის მოგებაში დაეხმარა. იმავე წელს, "ბოკამ" გლადბახის "ბორუსიას" მოუგო და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელიც გახდა. 

 

მარცხენა ცენტრალური მცველი: ვალტერ სამუელი (1997-2000) 

"კედელმა" "ბოკაში" შედარებით მცირე დრო გაატარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქომაგებს თავი შეაყვარა. სამუელმა კლუბის რიგებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ორჯერ მოიგო არგენტინის ჩემპიონატი, ერთხელ კი ლიბერტადორესის თასის მფლობელიც გახდა. 

 

მარცხენა მცველი: სილვიო მარსოლინი (1960-1972) 

მარსოლინი "ბოკაში" "ფერო კარილიდან" 20 წლის ასაკში გადავიდა და დარჩენილი კარიერა კლუბში გაატარა. რომასთან და რატინთან ერთად, ის იმ "ბოკას" წევრი იყო, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო. მარსოლინი 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ზოგადად, ითვლება, რომ ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია. 

 

ცენტრალური ნახევარმცველი: ანტონიო რატინი (1956-1970) 

არგენტინის ნაკრების კაპიტანი, რომელიც 1966 წლის ჩემპიონატზე, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო გაძევების მსხვერპლი გახდა, "ბოკას" ლეგენდაა. რატინმა კლუბში 15 წელი გაატარა და 352 შეხვედრაში ითამაშა.

 

ცენტრალური ნახევარმცველი: სებასტიან ბატალია (1998-2003, 2005-2013) 

ბატალია "ბოკას" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. კლუბის აღზრდილმა, ერთი სეზონის გარდა, რომელიც მან "ვილიარეალში" გაატარა, მთელი კარიერა მშობლიურ გუნდს მიუძღვნა და 18 ტიტულიც მოიგო. 

 

გამთამაშებელი: დიეგო მარადონა (1981-82, 1995-97) 

აქ ბევრი არაფერია სათქმელი

 

გამთამაშებელი: ხუან რომან რიკელმე (1995-2002, 2007-2014) 

გარდა უამრავი ტიტულისა და იმ გუნდის ლიდერობისა, რომელმაც ბიანკის ხელში რამდენჯერმა მოიგო ლიბერტადორესის თასი, რიკელმეს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ისიც, რომ მან თვით დიეგო აჯობა - კი, "ბოკას" ქომაგებს რომანი უფრო უყვართ, ვიდრე დიეგო

 

ფორვარდი: მარტინ პალერმო (1997-2000, 2004-2010) 

"ბოკა ხუნიორსის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ბევრისთვის ფეხბურთელი, რომელმაც ერთ შეხვედრაში 3 პენალტი ვერ გაიტანა, უფრო მეტისთვის კი "ბოკას" ლეგენდა, რომელსაც გოლის გატანა ყველა პოზიციიდან შეეძლო, მათ შორის 11-მეტრიანის ნიშნულიდანაც.

 

ფორვარდი: ფრანსისკო ვარალიო (1931-1940) 

მეორე მსოფლიო ომამდე არგენტინის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, რომელიც 2008 წლამდე, სანამ პალერმო გაასწრებდა, ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების მიხედვით, "ბოკას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო, ამით კი ყველაფერი ნათქვამია... 

ვარალიო 2010 წელს, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის უკანასკნელი ცოცხალი ფეხბურთელი იყო, ვისაც პირველი მსოფლიოს ჩემპიონატზე (1930) ჰქონდა ნათამაშები. 

 

მწვრთნელი: კარლოს ბიანკი (1998-2001, 2003-2004, 2013-2014) 

ლეგენდარული ფეხბურთელი და კიდევ უფრო ლეგენდარული მწვრთნელი. კარლოს ბიანკი "ბოკას" სამ სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა. მართლია, კლუბში მესამე და ბოლო მისვლა წარუმატებელი იყო, მაგრამ პირველი ორი პერიოდი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ბიანკიმ "ბოკას" არგენტინის ჩემპიონატი 4-ჯერ მოაგებინა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მის ხელში კლუბმა 3-ჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი.

 

გუნდი ასე გამოიყურება:

(4-2-2-2): რომა - იბარა, მოუსო, სამუელი, მარსოლინი - რატინი, ბატალია - მარადონა, რიკელმე - პალერმო, ვარალიო 

 

 

 

ავტორი: ტატო ომარ რომან ბაციკაძე

კომენტარები