სუპერშვედის ტრაგიკული სიკვდილი

02 აპრილი 2020

სუპერშვედი 

 

რონი პეტერსონი, ბევრის აზრით, მთელი 70-იანი წლების განმავლობაში ფორმულა 1-ის ყველაზე სწრაფი მრბოლელი იყო, რის გამოც მიიღო კიდეც მეტსახელი: “სუპერშვედი”. მიუხედავად ამისა, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მან მაინც ვერ შეძლო. მიზეზი, გარდა დიდი კონკურენციისა, იყო ისიც, რომ პეტერსონს ხშირად მანქანაშიც არ უმართლებდა.

1971 წელს, მისთვის სულ მეორე სეზონში, პეტერსონმა მეორე ადგილი დაიკავა, 1973 წელს კი ის კოლინ ჩეპმენის “ლოტუსში” გადავიდა და ჩემპიონატში კარგი გამოსვლის შემდეგ, მესამე ადგილზეც გავიდა, მაგრამ მომდევნო წლებში “ლოტუსს” ძალიან გაუჭირდა - მანქანა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც პეტერსონი ჯერ “მარჩში” გადავიდა, 1977 წელს კი “ტირელში” იასპარეზა. იმავე წელს, ჩეპმენმა დაარწმუნა შვედი, რომ “ლოტუსში” დაბრუნებულიყო და 1978 წლის ჩემპიონატმა მთლიანად “ლოტუსის” დომინაციით ჩაიარა…

 

ფორმულა 1-ის 1978 წლის სეზონი. 

 

ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ეტაპია დარჩენილი. 

რიგში პირველი იტალიის გრანპრია. 

სწორედ აქ, მონცას ავტოდრომზე, 8 წლის წინ იოხენ რინდტი გარდაიცვალა, რომელიც მოგვიანებით, სიკვდილის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონი მაინც გახდა. 

იტალიის გრანპრის წინ, ჩემპიონის ტიტულისთვის სულ ორი მრბოლელი იბრძოდა - თანაგუნდელები “ლოტუსში”: მარიო ანდრეტი და რონი პეტერსონი. 

 

 

სატურნირო მდგომარეობა ასე გამოიყურებოდა:

 

მარიო ანდრეტი - 63 ქულა

რონი პეტერსონი - 51 ქულა

ნიკი ლაუდა - 35 ქულა

 

ქულებს მაშინ პირველ ექვს ადგილზე გასული იღებდა: 9-6-4-3-2-1

შესაბამისად, ჩემპიონობის შანსი მხოლოდ ანდრეტის და პეტერსონს ჰქონდათ. 

 

მონცას მესამე ტრაგედია

 

ფორმულა 1-ის ისტორიაში, მონცას ავტოდრომზე სულ სამი მრბოლელი გარდაიცვალა. 1961 წელს - ვოლფგანგ ფონ ტრიპსი, 1970 წელს - იოხენ რინდტი, მესამე ტრაგედია კი 1978 წელს დატრიალდა...

ფორმულა 1-ის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავარია პირველი წრის პირველივე წამებზე მოხდა. რბოლის შემდეგ ბევრმა მრბოლელმა აღნიშნა და ეს კადრებშიც ჩანს - სტარტი ნაადრევად მისცეს, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა. 

მოგეხსენებათ, გასახურებელი წრის შემდეგ, ყველა ბოლიდი სტარტზე თავის პოზიციაზე უნდა გაჩერდეს და სტარტს ნიშანს მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ, თუმცა კადრებშიც კარგად ჩანს, როდესაც პირველ ორ პოზიციაზე მყოფი მატიო ანდრეტი და ჟილ ვილნევი სტარტზე ჩერდებიან, სხვა მანქანები ჯერ კიდევ მოძრაობენ, მაგრამ სტარტი უკვე მიცემულია - ტრაგედია გარდაუვალი იყო. 

უკან მყოფმა მრბოლელებმა, რომელთა ბოლიდიც ჯერ გაჩერებული არ იყო, სტარტი მოძრავი მანქანით აიღეს და წინ მყოფ ჯგუფს მიუახლოვდნენ, რის გამოც პირველივე წამებზე ბოლიდები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ. 

პირველმა ოთხეულმა, ანდრეტის, ვილნევის, ჟაბუის და ლაუდას შემადგენლობით სხვებთან უპირატესობა მოიპოვა და წინ გაიჭრა, პეტერსონმა კი ცუდი სტარტი აიღო და ის რამდენიმე კონკურენტმა ჩამოიტოვა. რიკარდო პატრეზემ, რომელმაც სტარტი მე-12 ადგილიდან აიღო, სახიფათო მანევრი შეასრულა, რის გამოც, ჯეიმს ჰანტმა საჭე მკვეთრად მარცხნივ აიღო და პეტერსონს დაეჯახა, რის მერეც ავარიაში ასევე მოყვნენ ვიტორიო ბრამილა, კარლოს როიტემანი, ჰანს-იოახიმ შტუკი, პატრიკ დეპაიე, დიდიე პირონი, დერეკ დელი, კლეი რეგაცონი და ბრეტ ლანჯერი. 

 

 

პეტერსონის ბოლიდს, რომელიც ბარიერს დაეჯახა, ცეცხლი წაეკიდა, თუმცა ჰანტმა, რეგაცონიმ და დეპაიემ მისი ბოლიდიდან გადმოყვანა შეძლეს და ტრასაზე დააწვინეს. შვედს ფეხის სერიოზული დაზიანება ჰქონდა მიღებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ის ბოლომდე გონზე იყო. მოგვიანებით, ჰანტმა აღნიშნა, რომ ის არ აძლევდა რონის საშუალებას რომ მოტეხილი ფეხისკენ გაეხედა - უფრო დიდი სტრესი რომ არ მიეღო. ბევრად რთულ მდგომარეობაში იყო ბრამბილა, რომელსაც თავში საბურავი მოხვდა და მას გონება ჰქონდა დაკარგული. ვიტორიომ სერიოზული დაზიანება მიიღო და რბოლას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა. 

ყველა დაშავებული, მათ შორის პეტერსონიც, მილანის კლინიკაში გადაიყვანეს. რენტგენმა აჩვენა, რომ მას ფეხი 27 ადგილას ჰქონდა მოტეხილი. მიუხედავად ოპერაციისა, ღამით პეტერსონის მდგომარეობა დამძიმდა და მას ცხიმოვანი ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს. დილით, ემბოლიის გამო მას თირკმლის მწვავე უკმარისობა განუვითარდა. 9 საათზე და 55 წუთზე, რონი პეტერსონი გარდაიცვალა. 

ის 34 წლის იყო. 

 

ჩემპიონატი

 

ავარიის შემდეგ განახლებული რბოლა ნიკი ლაუდამ მოიგო, მარიო ანდრეტიმ კი, ერთადერთი კონკურენტის სიკვდილის გამო, ჩემპიონის ტიტული გაინაღდა, მაგრამ მას გამარჯვება არ უზემია - პეტერსონი, გარდა კონკურენტისა და კოლეგისა, მისი მეგობარიც იყო. 

“ძალიან დიდი უსამართლობა იყო ის, რომ ტრაგედია სამუდამოდ მიება იმ დღეს, რომელიც ყველაზე ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო ჩემ კარიერაში. ვერ ვიზეიმებდი, მაგრამ ასევე ვიცოდი, რომ ეს ტიტული ჩემთან სამუდამოდ იქნებოდა და ისიც ვიცოდი, რომ რონი ჩემ გამო ბედნიერი იქნებოდა”, - განაცხადა ანდრეტიმ წლების შემდეგ. 

პეტერსონი მშობლიურ ორებროში დაკრძალეს. მის დასაფლავებაზე, სასახლე სხვებთან ერთად მრბოლელებს - ჯეიმს ჰანტს, ჯოდი შექტერს, ჯონ უოტსონს, ემერსონ ფიტიპალდის, ნიკი ლაუდას და გუნარ ნილსონს მიჰქონდათ. ეს უკანასკნელი, დაახლოებით ერთ თვეში, სიმსივნისგან გარდაიცვალა. 

 

გამოძიება, მეუღლე და ჯორჯ ჰარისონი

 

ტრაგედიის შემდეგ, იტალიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პატრეზეს, სახიფათო მანევრის გამო, მკვლელობის მუხლი წაუყენეს, ტრასის დირექტორი ჯანი რესტილი კი ნაადრევად მიცემული სტარტის გამო დაადანაშაულეს. საბოლოოდ, გამოძიება მხოლოდ 1981 წელს შეწყდა და ორივეს ბრალდება მოუხსნეს. 

რონი პეტერსონის მეუღლემ, ბარბრომ, ქმრის სიკვდილი ვერ გადაიტანა და 9 წლის შემდეგ, 1987 წლის 19 დეკემბერს თავი მოიკლა. მას და რონის დარჩათ შვილი, ნინა, რომელსაც სახელი იოხენ რინდტის მეუღლის საპატივსაცემოდ დაარქვეს. 

ჯორჯ ჰარისონი მთელი 1977 წლის განმავლობაში ფორმულა 1-ს დაყვებოდა და ყველა რბოლას ესწრებოდა. ის ნიკი ლაუდას და ჯეკი სტიუარტის ახლო მეგობარი იყო. The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, 1979 წელს გამოუშვა სიმღერა Faster, რომლის კლიპშიც ჰარისონის მძღოლი ჯეკი სტიუარტია. სიმღერა, ზოგადად ფორმულა 1-ის შესახებ იყო ჩაფიქრებული, მაგრამ გამოშვების მომენტში, ჰარისონმა კომპოზიცია პეტერსონს და ნილსონს მიუძღვნა. 

 

დამთხვევები რინდტის ტრაგედიასთან 

 

პეტერსონმა და მისმა მეუღლეს, თავის შვილს სახელი იოხენ რინდტის მეუღლის (ნინა) საპატივსაცემოდ დაარქვეს. 

იოხენ რინდტიც მონცაზე გარდაიცვალა. 

იოხენ რინდტიც და პეტერსონიც “ლოტუსის” წევრები იყვნენ.

იოხენ რინდტს, სიკვდილის წინ, იმხელა უპირატესობა ჰქონდა, რომ ჩემპიონის ტიტული მაინც მოიპოვა. რონი პეტერსონს იმხელა უპირატესობა ჰქონდა, რომ ჩემპიონატში მეორე ადგილი მაინც დაიკავა. 

 

მომდევნო წლები 

 

რონი პეტერსონს 2003 წელს მშობლიურ ორებროში ძეგლი გაუხსნეს.

 

2020 წლის მარტის ბოლოს, ვანდალებმა პეტერსონის საფლავი დაარბიეს. 


 

ავტორი: ტატო ბაციკაძე

კომენტარები