საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რაგბი და ფეხბურთი

02 აპრილი 2020

რაგბი და ფეხბურთი

 

ბრიტანეთსა და საფრანგეთში  უაღრესად პოპულარული სპორტის სახეობეობებია ფეხბურთი და რაგბი. სკოლის პერიოდში  მოსწავლეები ფიზკულტურის გაკვეთილებზე ერთნაირი დოზით ეუფლებიან ორივე სპორტის სახეობას და გასაკვირი არაა ,ის ფაქტი, რომ არაერთ ცნობილ ფეხბურთელს მშვენიერი შანსი ქონდა წარმატებული  სარაგბო კარიერა მოეწყო, თუმცა ოვალურ ბურთს მათ მრგვალი ბურთი არჩიეს.

გარეთ ბეილი

არავისთვის არ არის საიდუმლო, ის ფაქტი რომ გარეთ ბეილი სკოლის ასაკში წარმატებით თამაშობდა რაგბს. ის და სემ ვორბარტონი თანაკლასელები იყვნენ და მოწინააღდეგეებს უბრალოდ ანადგურებდნენ როგორც ფეხბურთში, ასევე რაგბიშიც. თუმცა მოგვიანებით ბიჭებმა სხვადასხვა სპორტის სახეობები აირჩიეს - სემ ვორბარტონი უელსის მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი გახდა, ხოლო გარეთ ბეილი დღემდე უელსის საფეხბურთო ნაკრების უმთავრესი ვარსკვლავია.

ალექს ოქსეიდ-ჩემბერლენი

„ლივერპულის“ უნივერსალი ნახევარმცველი ალექს ოქსეიდ-ჩემბერლენი 15 წლამდე რაგბს თამაშობდა და ყველა დარწმუნებული იყო, რომ მას დიდი სარაგბო კარიერა ელოდა წინ, თუმცა ცხოვრებამ მას სხვა ბედი არგუნა.

სკოლის  პერიოდში, უნიჭიერესი ალექსი ერთნაირი წარმატებით თამაშობდა რაგბსაც და ფეხბურთსაც. რაგბში მას N9-ის პოზიციაზე ათამაშებდნენ და დაკისრებულ მოვალეობებს თავს მშვენივრად ართმევდა. მისი მაღალი სისწრაფის გამო, ოქსეიდ-ჩემბერლენს რამდენიმე მატჩი გარემარბად და ფულბეკადაც აქვს ნათამაშები.

16 წლის ბიჭს წინ ედო „ლონდონ აირიშის“ და საფეხბურთო კლუბ „საუთჰემპტონის“ გამზადებული კონტრაქტები. თუ რომელი გზა აირჩა ალექსმა, ეს უკვე ცნობილი ამბავია.

ინგლისში დღემდე ხუმრობენ, რომ ჩემბერლენი ყველა დროის ყველაზე უფრო ძვირად გაყიდული მორაგბეა - "ლივერპულმა" ალექსი "არსენალიდან" 35 მილიონ ფუნტად იყიდა

 

ფაბიენ ბარტეზი

1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ფრანგი მეკარე, ფაბიან ბარტეზი 14 წლამდე წარმატებით თამაშობდა რაგბს. მისი მამა - ალენი პროფესიონალი მორაგბე იყო, საკლუბო დონეზე „ნარბონში“ თამაშობდა, ხოლო ეროვნულ გუნდში დებიუტი რუმინეთის ნაკრებთან ქონდა N9-ის პოზიციაზე.

ფაბიანი ფეხით გაცილებით უკეთ თამაშობდა და სწორედ ამიტომ, სარაგბო მოედანზე მისი ადგილი ფულბეკის პოზიცია გახლდათ.

2007 წელს, როდესაც გოლკიპერის სახელოვანი კარიერა დაასრულა უმცროსმა ბარტეზმა, მას ერთ-ერთმა ფრანგულმა ტელეკომპანიამ სარაგბო კომენტატორად მუშაობა შესთავაზა.

დელე ალი

„ის ძალიან ნიჭიერი გახლდათ და შეეძლო ერთნაირი წარმატებით ეთამაშა სპორტის რამდენიმე სახეობა. ძირითადად ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა როცა სკოლებს შორის ჩემპიონატი იმართებოდა, მე მას სარაგბო გუნდშიც ვიყენებდი ხოლმე. დელე გარემარბის პოზიციაზე იდგა და უნდა გენახათ თავისი რეაქტიული სისწრაფით და ფინტებით როგორ მარტივად ცდებოდა  მოწინააღმდეგეებს.  დარწმუნებული ვარ, მისგან ძალიან მაგარი მორაგბე დადგებოდა“ - ციტირებს „The Sun” ფიზკულტურის მასწავლებლის, ტიმ ჰადსონის სიტყვებს.

დიდიე დეშამი

დიდიე დეშამი ფრანგული ფეხბურთის საკულტო ფიგურაა. იგი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია - 1998 წელს მისი კაპიტნობით „ლე ბლემ“ პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ხოლო 20 წლის შემდეგ, 2018 წელს, დიდიე დეშამი უკვე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და ასე მოაგებინა მსოფლიო პირველობა ფრანგებს.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ბავშვობაში დიდიე ბასკური სარაგბო კლუბ „ბიარიცის“ აკადემიაში ვარჯიშობდა და იყო იმის შანსი, რომ პროფესიონალი მორაგბე გამხდარიყო.

თანამედროვე ფეხბურთში ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომლებიც რაგბსაც დიდი წარმატებით ითამაშებდნენ.

პირველი ვინც გვახსენდება ეს რათქმაუნდა ადებაიო აკინფენვაა. წონით 100 კგ-ს გადაცილებული ფეხბურთელი წლების განმავლობაში წარმატებით თამაშობდა ინგლისის საფეხბურთო ლიგებში და არაერთი დასამახსოვრებელი გოლი აქვს გატანილი. ადებაიოს ასევე წარმატებით შეეძლო ეთამაშა შერკინების პირველ ხაზში 1 ან 3 ნომრის პოზიციაზე.

უეინ რუნი

ინგლისის ნაკრების და მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის საკეთესო ბომბარდირი უეინ რუნი ჩვენი აზრით დიდი წარმატებით ითამაშებდა რაგბს - ჰუკერის პოზიციაზე. ხასიათით ხულიგანი, ხისტი თამშის სტილი და „ჯიგრიანი“ მოთამაშე, რომელიც ბურთსაც ზუსტად ააგდებდა აუტში,  არც სისწრაფე დაეწუნება და არც გამძლეობა. საჭიროების შემთხვევაში მუშტების ქნევაც კარგი იცის.

ედერსონი

„მანჩესტერ სიტის“ და ბრაზილიის ნაკრების გოლკიპერმა ედერსონმა მეკარეების  თამაში განვითარების ახალ დონეზე აიყვანა. იგი ისევე კარგად თამაშობს ხელით, როგორც ფეხით. ედერსონს არაერთი საგოლე პასი აქვს გაკეთებული კარიერაში და სწორედ ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, მის გამოყენებას ფულბეკის პოზიციაზე: მშვენიერი ხელის ტექნიკა (მეკარეა ბოლოსდაბოლოს), სისწრაფე, მოედნის ბრწყინვალე ხედვა და ფეხით იდეალური თამაში.

 

 

 

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები