საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

როცა ტიტულს სიკვდილიც კი ვერ გართმევს

27 მარტი 2020

ფორმულა 1-ის 1970 წლის სეზონი.

მეათე გრანპრის წინ, რომელსაც იტალიური “მონცა” მასპინძლობდა, ჩემპიონატს გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა: ავსტრიელი იოხენ რინდტი. 

28 წლის რინდტი გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა წინა სეზონებში მას მაინცდამაინც დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია. ჩემპიონატში მისი საუკეთესი შედეგი 1966 წელს დაკავებული მესამე ადგილი იყო, თუმცა ყველაფერი 1969 წელს შეიცვალა, როდესაც რინდტი ლეგენდარულ ინჟინერს, კოლინ ჩეპმენს დაუმეგობრდა და “ბრებემიდან” მის “ლოტუსში” გადავიდა. იმავე სეზონში, ავსტრიელმა კარიერაში პირველი გრანპრი მოიგო (აშშ) და ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. 

1970 წლის სეზონი რინდტმა კარგად ვერ დაიწყო - პირველ ორ რბოლაში ქულა ვერ აიღო, სამაგიეროდ მომდევნო ეტაპები ფანტასტიკურად ჩაატარა და 6 რბოლიდან 5 მოიგო.

 

 

ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა რჩებოდა, თუმცა მშობლიურ, ავსტრიის გრანპრიზე, მიუხედავად იმისა, რომ რბოლა პირველი პოზიციიდან დაიწყო, რინდმტა ქულის აღება მაინც ვერ მოახერხა - მის “ლოტუსს” ძრავამ უმტყუნა. 

მას მაინც დიდი უპირატესობა ჰქონდა. იტალიის გრანპრის წინ, სატურნირო სიტუაცია ასეთი იყო:

 

იოხენ რინდტი - 45 ქულა

ჯეკ ბრებემი - 25 ქულა

დენი ჰალმი - 20 ქულა

ჯეკი იქსი - 19 ქულა

ჯეკი სტიუარტი - 19 ქულა

 

იმ დროს რბოლის გამარჯვებული 9 ქულას იღებდა, მეორე ადგილზე გასული კი 6-ს, ასე რომ სეზონის დასრულებამდე 4 გრანპრით ადრე, რინდტს ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა - თუ ის რბოლას მოიგებდა და ბრებემი ხუთეულში ვერ შევიდოდა, რინდტი ჩემპიონი გახდებოდა. 

 

5 სექტემბერი. შაბათი. პრაქტიკა.

 

რინდტი ბოქსებში მყოფ მეუღლეს გამოემშვიდობა და თავის “ლოტუსში” ჩაჯდა. ღვედებიც შეიკრა, მაგრამ არა ყველა - ტრადიციულად, ავსტრიელი ქვედა, საზარდულის ღვედებს არ იკრავდა, რადგან ავარიის და ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში, მანქანიდან სწრაფად გადმოსვლა სურდა. 

პრაქტიკის მეხუთე წრეზე რინდტმა მოულოდნელად ბოლიდის კონტროლი დაკარგა…

დენი ჰალმი, რომელიც ამ დროს მას უკან მიყვებოდა, რბოლის შემდეგ იხსენებდა: 

“იოხენი რამდენიმე წრის განმავლობაში უკან მომყვებოდა და ნელ-ნელა მეწეოდა. ერთ-ერთი მოსახვევი საკმაოდ ნელა გავიარე, ამიტომ გვერდზე გავდექი, გავატარე და უკან მივყევი პარაბოლიკას მოსახვევამდე. ძალიან სწრაფად მივდიოდით. ის დაელოდა სანამ მოსახვევამდე სადღაც 200 მეტრი დარჩებოდა და მუხრუჭი მხოლოდ ამის შემდეგ იხმარა. მისი ბოლიდი ჯერ მარჯვნივ წავიდა, მერე მარცხნივ, შემდეგ ისევ მარჯვნივ და ამის მერე, მოულოდნელად, ძალიან სწრაფად კვლავ მარცხნივ წავიდა, ბარიერებისკენ”.

 

რინდტის ბოლიდი ბარიერს შეეჯეხა, რომელიც გატყდა, რის გამოც მანქანა შიგნით შევარდა და შემდეგ დატრიალდა, ქვიშაზე რამდენიმე ბრუნი გააკეთა და გაჩერდა. ბოლიდს წინა ნაწილი მთლიანად მოძვრა, რინდტი კი, იმის გამო, რომ ის საზარდულის ღვედს არ იყენებდა, ქვემოთ ჩასრიალდა და ტანის დამცავ ღვედზე კისრის მძიმე, სასიკვდილო ტრავმები მიიღო. სტიუარდები ბოლიდთან მომენტალურად გაჩდნენ, მაგრამ 28 წლის იოხენ რინდტი უკვე მკვდარი იყო…

 

 

ავარიის მიზეზი “ლოტუსის” მარჯვება სამუხრუჭე ლალვის მწყობრიდან გამოსვლა იყო, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ რინდტის გარდაცვალების მიზეზი ცუდად დამონტაჟებული ბარიერი და ის ფაქტი იყო, რომ მას საზარდულის დამცავი ღვედი არ ეკეთა. 

 

რბოლა მეორე დღეს მაინც შედგა, რომელიც ადგილობრივმა კლეი რაგაცონიმ მოიგო. შემდეგ გრანპრიზე გამარჯვება ჯეკი იქსმა მოიპოვა და რინდტს მიუახლოვდა - სხვაობა 17 ქულა იყო. თუ ის დარჩენილ ორ რბოლას მოიგებდა, მაშინ ჩემპიონიც გახდებოდა, მაგრამ ბოლოსწინა ეტაპზე, რინდტის შემცვლელმა, ემერსონ ფიტიპალდიმ აშშ-ის გრანპრი მოიგო, სწორედ ის გრანპრი, სადაც ერთი წლით ადრე, რინდტმა კარიერაში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. იქსი მეოთხე ადგილზე გავიდა, იოხენ რინდტი კი ავტოსპორტის ისტორიაში გახდა პირველი და დღემდე უკანასკნელი მრბოლელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი სიკვდილის მერე გახდა.

ჩემპიონის ტიტული მის მეუღლეს, ნინას გადასცეს...

 

 

"მონცა" ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ავტოდრომია მსოფლიოში, თუმცა ფორმულა 1-ის ისტორიაში, ამ ავტოდრომზე, გრანპრის დროს სულ სამი მრბოლელი დაიღუპა, მაგრამ სამივე ეს შემთხვევა გამორჩეული იყო. 

დღეს მეორე მათგანზე მოგიყევით, უახლოეს მომავალში კი პირველზე და მესამეზეც მოგითხრობთ. 

 

პ.ს. გარდა ამ სამი შემთხვევისა, "მონცაზე" ასევე ლეგენდარული ალბერტო ასკარიც დაიღუპა, თუმცა ეს ფორმულა 1-ის სეზონის დროს არ მომხდარა. 



 

ავტორი: ტატო ბაციკაძე

კომენტარები