სამყარო საბოლოოდ შეიშალა – ბრეიდიმ "პატრიოტობა" "მეკობრეობაზე" გაცვალა

26 მარტი 2020

      – ტომ!

პასუხი არ არის

      – ტომ!

პასუხი არ არის

      – სად დაიკარგა ეს ბიჭი... ტოოოომ!!!

პასუხი არ არის.

ვერც იქნებოდა. ტომი სადღაც სხვაგან იყო. ის ყოველთვის სხვაგან იყო, მთელი კარიერა.

51–ე სუპერბოულზეც, როდესაც „ნიუ–ინგლენდი,“ მესამე მეოთხედის შუაში, 3:28–ს აგებდა, ხოლო სრულიად ამერიკა მზად იყო „პატრიოტების“ მრავალი წლის განმავლობაში ნანატრი დამცირება, ექსტაზში ჩავარდნამდე, პირიდან ქაფგადმოსულს ეზეიმა, ტომი მაინც სხვაგან იყო.

ტომი საკუთარ თავში იყო. ცივსისხლიანი, უდრეკი, მტაცებლის მზერით, თითქოს ოცდახუთ ქულას თვითონ იგებდა.

ბრეიდის დეიდა ჯოლი არ ეძახდა. ეს ბილ ბელიჩიკი იყო.

ბელიჩიკის სახელგანთქმული სქემები არ მუშაობდა, შესვენების შემდეგაც. ერთადერთი, რაც პირველი ტაიმის შემდგომ შეიცვალა „პატრიოტების“ ფიასკოსგან ჩამოვარდნილი, თითქმის შიშველი მფრინავი ლეიდი გაგას ხილვისგან კიდევ უფრო დაბლა ჩასული ყბები და საპირისპირო პოზიციადაკავაბეული სხვა ორგანოები იყო.

0:14 (სხვაობა რომელიც ფინალების ისტორიაში არასდროს დაქაჩულა) – ყველაფერი წესრიგშია, ვის არ მოსვლია. ცოტაც გახურდება ტომი და რაიანს ბურთის ხელში პირველად აღების დღეს აწყევლინებს.

0:20( ჩამორჩენა, რომელიც NFL–ის პლეიოფების ისტორიაში არ აღმოფხვრილა) – ხოო, ბრეიდის პრობლემები აქვს, რაიანი ლიგის ერთ–ერთ საუკეთესო კუოტერბეკია, ხულიო ჯონსი ხო საერთოდ ფენომენი. მაგრამ ვაცალოთ, მაინც ბრეიდია.

3:28 (დეფიციტი, რომელიც ამერიკული ფეხბურთის საუკენეზე მეტხნიან ისტორიაში არასდროს, არავის, არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაში არ ამოუქაჩავს) – ბრეიდი ბრეიდით და ჩააქვრეთ შუქები, დავიშალეთ. ლუდის და ჩიფსების ფული ტყუილად მოგვისვრია.

მესამე მეოთხედის ბოლოს, ბრეიდიმ შედეგიანი შეტევით გუნდს ტაჩდაუნი მოუტანა, მაგრამ მისმა არაცაცია, თუმცა კაიგვარიანად ფეხმარცხე კიკერმა, სტივენ გოსტკოვსკიმ, ერთქულიანი რეალიზაცია გააფუჭა (ერთქულიანი რეალიზაციის გამოყენების პროცენტი NFL–ში, სეზონიდან სეზონამდე 98–99% მაჩვენებლებში მერყეობს).

ბრეიდი NFL–ის უკვე ოთხგზის ჩემპიონი იყო. 39 წლის. მის ასაკში, ჯო მონტანა, კალიფორნიულ პლიაჟებზე მოხიტოს წრუპავდა, ბრეტ ფავრი შვილთაშვილებს ეზოში ასეირნებდა, ხოლო საბჭოთა კავშირივით მარტივ მამრავლებად დაშლილი პეიტონ მენინგი, შეხვედრების შემდეგ, ოკულისტის კაბინეტიდან გამოდიოდა, და  დანტისტისკენ მიბობღავდა, კბილების ახალი პროტეზის შესაკვეთად.

ბრეიდი კი წყნარად უყურებდა პარტნიორის გაფუჭებულ რეალიზაციას, უიმედო ანგარიშს, აქა–იქ კანტიკუნტად გამოჩენილ, ხელჩაქნეულ ბოსტონელ ფანებს და ამერიკული მედიის რედაქტორებს, რომლებსაც საჩვენებელი  თითები „ენთერის“ ღილაკის თავს  ჰქონდათ მომარჯვებული, მესამე მეოთხედის შემდეგ გამზადებული ხმაურიანი სათაურის „ტომ ბრეიდი მართლა ყველა დროის საუკეთესოა?“  გამოსაქვეყნებლად.

2,6 მილიონის წლის წინ მომხდარი დიდი გამყინვარება, 2017 წლის 5 თებერვალს რომ დატყდომოდა დედამიწას თავზე, ჩვენ არაფერი დაგვემუქრებოდა. „ნიუ–ინგლენდის“ „ჰეითერების“ ერთ უცენზურო ადგილას გაჩენილი ხანძარი, ათ ეგეთს ერთად ჩააქვრობდა.

ბრეიდი, თანაგუნდელებს, ტაჩდაუნს ტაჩდაუნზე ადებინებდა, მეტ რაიანმა კი  რამდენიმე წუთში,  „ატლანტას“ მრისხანე ლიდერისგან, ახალდაბადებული ბატკანივით ფეხებაკანკალებულ საცოდაობამდე გარდაქმნის ისეთი ოსტატობა გვანახა, ჩვეულებრივი სამყაროდან გამოსულს და უცებ კამერებდანახულ, ტელეობიექტივების და ამომრჩევლების წინ დამდგარ, ყველაზე გამობრძმედილ პოლიტიკოსებსაც კი რო შეშურდებოდათ.

ბოლო–ბოლო ოვერტაიმში მოგებული 51–ე სუპერბოული, ყველა დროის საუკეთესოდ, ყველაზე გადაღძუებულმა კონსერვატორებმაც კი აღიარეს, რომელთათვისაც ბალახი ადრე უფრო მწვანე იყო და ცა უფრო ცისფერი. ბრეიდის გამოსვლა კი ჯო მონტანას და ბრეტ ფავრის ყველაზე თავგადაკლული ფანებისგანაც კი ( ამ უკანსაკნელზე ღრმად უნდა ამოვიოხრო, ბრეიდიმ სხვა გზა არ დამიტოვა) ამერიკული ფეხბურთის „ოლლ თაიმ კუოტერბეკ პერფორმანსად“ იქნა შერაცხული.

ამ მომენტიდან გაივლის 3 წელი, ბრეიდი 42–ის გახდება, გზად მეექვსე სუპერბოულს და ფინალური მატჩის მეოთხე MVP–ის წოდებას აიღებს და ამერიკას კორონავირსთან ერთად, თავზარდამცემი ამბავი შეძრავს – ბრეიდი „ნიუ–ინგლენდიდან“ მიდის. მიდის არა პენსიაზე,  პეიტონ მენინგის რეკომენდირებულ დანტისთან ან მონტანას გვერდზე მოხიტოს საწრუპად, ბრეიდი მიდის „ტამპა ბეიში“. მიდის, იმისთვის რომ მარადიულ კითხვას თავისი პასუხი გასცეს – რა იყო პირველი, კვერცხი თუ ქათამი?

და მაინც, რა მოხდებოდა, 1996 წლის სრულიად ჩრდილო კაროლინისთვის დასაწყევლ და ავადსახსენებელ, შავ–ბნელ საღამოს, „შარლოტს,“ კობი ბრაინტი ვლადე დივაცში რომ არ გაეცვალა?

რა უფრო მეტი ექნებოდა კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიის ნაცვლად ორ ზღვას შუა მყოფ ლელოში რომ დაბადებულიყო – კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობა თუ ღაბაბების?

რამდენ ტიტულს მოიგებდა პაპა კარლო, ორიგინალის ნაცვლად, წნორის „მილანი“ რომ ჩაებარებინა?

ვინ უფრო მეტ ადამიანს ეცოდინებოდა – პაოლო კოელიო თუ ნოდარ დუმბაძე, დაბადების ადგილები რომ გაეცვალათ?

და ბოლოს, ბრეიდიმ შექმნა ბელიჩიკი, თუ ბელიჩიკმა ბრეიდი? როგორი იქნებოდა „ნიუ–ინგლენდი“ ან ერთის ან მეორეს გარეშე? განსხვავებით წინა კითხვებისგან, ამას პასუხი მაინც გაეცემა, თუნდაც მხოლოდ ნაწილობრივ.

„ნიუ–ინგლენდი“ თვალსა და ხელს შუა იშლებოდა. წავიდნენ დენი ამენდოლა, უელკერსი, ჰოგანი, კარიერა დაამთავრა რობ გრონკოვსკიმ.

იმისთვის, რომ თეორიულად მაინც, ამერიკულ ფეხურთში რამე მოიგო, გარდა პასის შემსრულებლისა, გჭირდება ადამიანი, ვინც ამ პასს დაიჭერს. ბრეიდის ასეთი ადამიანი უბრალოდ არ დაუტოვეს – ერთადერთი რესივერი, რომელსაც „პატრიოტებიდან“ გასულ სეზონში 400 იარდზე მეტი მიღება ჰქონდა, იყო ვეტერანი ჯულიან ედელმანი. შედარებისთვის, წარუმატებელ შარშანდელ ჩემპიონატში, „პირატების“ ორ მოთამაშეს, გუდვინს და ევანსს, ჯამურად, 2500 იარდი მოუგროვდათ მიღებაზე. ასეთი მიმღებები, ბრეიდის, 2007 წლის შემდეგ არ ჰყოლია, როდესაც ბრეიდი–მოსის დუეტმა ბოსტონელებს, ლიგის ისტორიაში ერთადერთი წაუგებელი რეგულარული სეზონი – 16:0 მოუტანა (სხვათა შორის მაგ სეზონში, „პატრიოტებმა,“ სუპერ ბოული წააგეს). და თუმცა არც ბრეიდია ის, ვინც იყო 2007–ში, სათამაშო კუთხით, ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია.

გარდა ამისა, „ტამპა–ბეიმ“, ბრეიდის, შესთავაზა ორ სეზონში 59 მილიონი, აქდენან 50 გარანტირებული და მხოლოდ 9 ბონუსებით, მაშინ როდესაც „ნიუ–ინგლენდი“, სახელფასო ჭერის გამო, უბრალოდ არითმეტიკულად ვერ შესთავაზებდა ამის ნახევარზე მეტს.

იდეაში ბრეიდისთვის ეს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. იმ მოგებული ფინალის დროს, რომელზეც დაწვრილებით ვისაუბრეთ, ბრეიდი სეზონში 12 მილიონს იღებდა, რაც ყველა კუოტერბეკს შორის, მხოლოდ მეხუთე ხელფასი იყო. მაგალითად უფრო ნაკლები, ვიდრე ჰქონდა კოლინ კაპერნიკს.

გახსოვთ ამერიკულ სპორტს კორონავირუსივით მოდებული ჩვევა, როდესაც სპორტსმენები, ნაციონალური ჰიმნის დროს, რასიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის გასაპროტესტებლად, ცალ მუხლზე დგებოდნენ? კაპერნიკის სამი მთავარი მიღწევიდან, ცნობილ ისტორიულ მოღვაწესთან ასოციაციების გამჩენი გვარის და ბრეიდიზე დიდი ხელფასის გარდა, სწორედ ლოგიკით განმსჭვალული ეს საქციელი იყო.

და მაინც, 20–25 მილიონი სხვაობა, მწვრთნელი, რომელიც შეგაქებს და გაგიღიმებს და რაც არ უნდა ბრეიდი იყო, შექება მაინც ყველას უყვარს. პლიუს მასაჩუსეთსის შტატთან შედარებით,  ფლორიდის შტატში არსებული გაცილებით დაბალი ბეგარა, პლიუს არც თუ ახალგაზრდა ძვლების ფლორიდულ მზეზე შეთბობა.

ამ გადასვლის სასარგებლოდ არც ისე ცოტა არგუმენტი მოგროვდება.

კვერცხმა შექმნა ქათამი თუ ქათამმა კვერცხი? ბელიჩიკმა ბრეიდი, თუ ბრეიდიმ ბელიჩიკი? მიუხედავად ყველა სხვა მიზეზისა, რომელიც ბრეიდის ჰქონდა, მთავარი მაინც ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა.

და მიუხედავად იმისა, რომ ბრეიდი არც ჰოლდემში წასულა და არც ომაჰაში, ეს მაინც „ოლ ინს“ თუ არა, სერიოზულ რისკს ჰგავს.

ბრეიდი რისკავს და რისკავს იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თითქოს 6 მოგებული სუპერბოული, მათ შორის ყველა დროის საუკეთესო, „ატლანტასთან“,  ბრეიდის ავტომატურად ხდის „GOAT“–ს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არაა.

ბრეიდის კარიერა სპორტულ შეფუთვაში გახვეული და ბაფთაგამობმული ამერიკული ოცნების ახდენის იდეალური მაგალითია.

რაც არ უნდა მომხდარიყო, ბრეიდის ყველგან წარმატება ელოდა და ყველაგან ერთი და იგივე ციკლი მეორდებოდა – ბრეიდის არავინ არ იცნობდა, ბრეიდისგან არავინ არაფერს არ ელოდა, ბრეიდი რაღაცნაირად შანსს იღებდა და გამარჯვებული გამოდიოდა.

უმაღლეს სკოლაში, სან–ფრანცისოსთან ახლოს მყოფ „ჟუნიპერო სერაში“ (შავი სარკის პირველი სეზონების ყველაზე წარუმატებელი სერია არაფერ შუაშია), ბრეიდი გუნდის მეოთხე კუოტერბეკი იყო. პირველი ისე ჩავარდა, რომ გუნდმა მთელ სეზონში ტაჩდაუნი ვერ დადო, მეორემ გიჟივით დაიწყო და წამყვანი უნივესტეტების მრავალრიცხვოვანი სკაუტების თვალწინ, ფეხი ისე მოიტეხა, რომ კარიერა ჯერ არდაწყებულზე დაუსრულდა. მესამე  კუოტერბეკი საერთოდ ცუდი ნიშნების გამო კლასში ჩარჩა და ბრეიდიმ თავისი შანსი გამოიყენა.

„მიჩიგანის“ უნივერსტეტში, პირველ წელს, ბრეიდი კუოტერბეკების იერარქიაში საპატიო მეშვიდე ადგილს იკავებდა. რამდენიმე მეოთხეკურსელი კუოტერბეკის, მათ შორის NFL–ში საკმაოდ კარგი კარიერის გამკეთებელი, ბრაიან გრიზეს წასვლის და ორი სხვა კუოტერბეკის ტრამვის შემდეგ, მესამე კურსზე ბრეიდის შანსი მიეცა და ამერიკული ოცნების ასრულების კანონიკურობის შენარჩუნების თანახმად, საწყისი სირთულეები ბოლო წამებზე გადალახა, როდესაც „ციტრუს ბოულის“ მომგები უკანასკნელი შეტევის მთავარი ორგანიზატორი გახდა.

ბრეიდის NFL–ში მოხვედრის შანსებს მედია 50%–ზე დაბლა განიხილავდა, ხოლო შენარჩუნების შესაძლებლობას, როგორც მაქსიმუმ 5%–იანს.

როდესაც დრაფტის საღამოს, რაუნდები რაუნდებს ცვლიდა, არჩეული კუოტერბეკების ლიმიტი კი ფაქტობრივად ამოწურული იყო, მეოთხე რაუნდის დასრულების და 150 რჩეულს შორის ვერ მოხვედრის შემდეგ, ატირებული ბრეიდი მშობლების სახლიდან (ასეთი დროც იყო, როდესაც ბრეიდი მშობლების სახლში ცხოვრობდა) გამოვიდა და თქვა, რომ სადაზღვეო  აგენტობისთვის დაიწყებდა მზადებას.

ბრეიდი მაინც აირჩიეს. აირჩიეს (ქართულ შრიფტს დიდი ასოები რომ ჰქონდეს, გამოვყოფდი) მეექსვე რაუნდის 199–ე პიკად. მინიმუმ დიკაპრიოს ცნობილი ფილმის პერსონაჟი უნდა იყო, რომ 199–ე პიკში, გაცვლის სურვილის შემთხვევაში, ერთ ტომარა მარნეულის კარტოფილზე მეტი მიიღო, დღეს კი ამ პიკში, ერთ შეკვრა ტუალიტის ქაღალდს, მთვარიდან არ დაგანახებენ.

„ნიუ–ინგლენდში“, ბრეიდი, რანგით მეოთხე კუოტერბეკად მოხვდა. უხილავი ხელი, რომელიც მისი ცხოვრების ზიგზაგებს ასე მიკერძოებულად ხაზავდა, აქაც მალევე ამოქმედდა.

პირველი სეზონის მიმდინარეობისას, „პატრიოტებში“ საკმაოდ მაღალი ტრამვიანობა იყო, რასაც პირდაპირ მესამე(ჯვარედინა მყესების გაიწყვიტა) და ირიბად მეორე (გაიცვალა ტრამვირებული სხვა პოზიციის მოთამაშეში) კუოტერბეკები შეეწირენ.

და მიუხედავად იმისა, რომ ბრეიდი, სასწაულებრივ, კვლავ აღმოჩნდა მთავარი სათადარიგო გამთამაშებლის პოზიციაზე, ჯერ კიდევ კარიერის პიკში მყოფ სახელგანთქმულ დრიუ ბლედსოუს სრულფასოვან შემცვლელად, მას, ლიგაში იდეაში აკრძალული, მაგრამ მაინც ხშირად მოხმარებადი ნივთიერებების ყველაზე გულმხურვალე მოტრფიალეებიც კი ვერ წარმოიდგენდნენ.

მაგრამ ის უხილავი ხელი, რომელსაც სადღაც ფარულად, მეთორმეტე ნომერი ჰქონდა ამოტატუირებული, თავის ჩვეულ საქმიანობას განგრძობდა.

2001 წლის იანვრის იმ საბედისწერო დღის დილას, „ნიუ–იორკ ჯეთსის“ ლაინბეკერი, მო ლიუსი, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე საათის შემდგომ, ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ საღამოს, ის პირადად გადაწერდა სრულიად ამერიკის სპორტულ ისტორიას.

ლიუისთან შეჯახების შემდგომი რამდენიმე საათის განმავლობაში, ბლედსოუს ჯანმრთელობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მოდიოდა. ზოგი წერდა, რომ ბლედსოუ ცოცხალია, თუმცა კომაში, ზოგი იმას, რომ საავადმყოფომდე ცოცხალი ვერ მიიყვანეს.

ბლედსოუ გადარჩა. გადაურჩა კომასაც და სერიოზულ დაზიანებსაც, თუმცა მთელი სეზონით ამოვარდა მწყობრიდან.

„პატრიოტები“ იმ სეზონში საოცრად ძლიერები იყვნენ. გუნდში ახალმოსული ბელიჩეკის სათამაშო სქემები, NFL–ს, კორონავირუსივით დაატყდა თავზე – თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მაინც არავინ არაფერი არ იცოდა მათი საწინააღმდეგო, დამალვის და კონტრ–პრეპარატის მოგონების ლოდინის გარდა.

გუნდი ფინალამდე უპრობლემოდ გავიდა, ბლედსოუს თავის ქალამ კი რეგენერაციის ჭეშმარიტად ლოგანისეული მაგალითი გვანახა. სუპერბოულისთვის ის უკვე მზად იყო.

თუმცა მის გამოსაყვანად არ იყო მზად ბელიჩიკი. ზედმეტ რისკს და პრაქტიკამოკლებულ გამთამაშებელს, „ტირანმა“, არცთუ გადასარევად, მაგრამ საკმაოდ საიმედოდ მოასპარეზე ახალწვეული ამჯობინა.

ფინალში ბრეიდიმ ისე ითამაშა, როგორც არა მხოლოდ სუპერბოულის, არამედ მთლიანად NFL–ის ახალწვეულს და 199–ე პიკს შეეფერება – 58% პასების სიზუსტე, 145 იარდი გადაცემებით და ერთადერთი ტაჩდაუნი.

თუმცა ასეთი მწირე სტატისტიკის ფონზეც გამოაჩინა მაშინ ჯერ კიდევ ახლადგამოზრდილი და არც ისე ბასრი კლანჭები, როდესაც 17:17–ზე, 88 წამით ადრე შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე, ბრეიდიმ ბურთი 48 იარდიან ნიშნულამდე მიიტანა, საიდანაც კიკერმა ადამ ვინატიერიმ, საკმაოდ რთული, მატჩის მომგები ფილდ გოლი გაიტანა და არცთუ მცირერიცხვოვანი, სამომავლო საფეხბურთო ცოდვები, ფეხის ერთი მოქნევით გამოისყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბელიჩეკი, შემდეგი სეზონისთვის, მზად იყო წინა წელს 10 წლიან კონტრაქტზე ხელმოწერილი ბლედსოუ სასტორტო კუოტერბეკად დაებრუნებინა, ამ უკანასკნელმა წყენას ვერაფერი მოუხერხა და გაცვლა მოითხოვა.

ამ მომენტიდან მოყოლებული, შარშანდელ სეზონამდე, როდესაც ბელიჩიკი მისმა ყოფილმა თანაშემწემ, პლეიოფის პირველივე რაუნდიდან გამოაგდო, ბრეიდის კარიერა  და მისი თამაშის ხარისხი მუდმივად ზემოთ აღმართულ დიაგრამას დაემსგავსა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბრეიდი და ბელიჩიკი ერთად მოვიდნენ „პატრიოტებში“, მათ ერთად გამოიარეს ამხელა გზა და ახლა, 43 წლის ასაკში, ბრეიდი პირველად ითამაშებს ბელიჩიკის მწარე ხელის და მკაცრი მეთვალყურეობის გარეშე. წარმატებული სეზონი, მას ავტომატურად გახდის ყველა დროის საუკეთესოდ, ყველანაირი დაფიქრების და მსჯელობის გარეშე, წარუმატებლობა კი თუნდაც ცოტა, მაგრამ ბონუს ქულებს, ბელიჩიკის ისედაც უაპელაციო სიდიადეს უფრო მეტად გაუსვამს ხაზს.

მიუხედავად არაერთხელ გაჟღერებული, 45 წლამდე თამაშის სურვილისა, საკუთარი ორგანიზმისადმი ყოვლად დაუნდობელი რეჟიმის და დიეტისა და ყველაზე სამაგალითო შაოლინელი ბერისთვისაც კი შესაშური თვითდისციპლინისა, ბრეიდი არც ბენჯამინ ბატონია, რომ დრო უკან დაატრიალოს და არც ერთი კეთილმოსურნე მეზობლის მმართველი, ხელის ერთ მოსმით რომ საკუთარი სამარადჟამო იმპერატორობა აწ და მარადის დააკანონოს.  მისი ხელი უფრო და უფრო სუსტი ხდება, ბელიჩიკის გარეშე ფინალში გასვლის შანსები კი მაქსიმუმ ორი სეზონით შემოიფარგლება.

და მაინც, უხილავმა ხელმა თავისი ნახატის ფინალური შტრიხისთვის, ბრეიდის კიდევ ერთი, ამჯერად უბელიჩიკო ბეჭედი რომ გაუმზადოს, ისღა დაგვრჩება ამერიკელ რედაქტორებს მივუბრუნდეთ კითხვით – რა არის ზედმეტი  ვერგამოქვეყნებულ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის არცთუ შორეულ ჩულანში გადანახულ ფრაზაში: „ტომ ბრეიდი მართლა ყველა დროის საუკეთესოა?“ 

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები