ის რაც ჩვენია

25 მარტი 2020

ფეხბურთი განსაკუთრებული თამაშია. გამორჩეული იმით, რომ ყველასია. შეგიძლია უყურო, ითამაშო, ილაპარაკო, გიყვარდეს. ზუსტად ფეხბურთია ის შემთხვევა, როცა სიმარტივე გენიალურობას ქმნის, აბსოლუტურად ყველა ახსნითა და გაგებით. 


ფეხბურთს თამაშობენ ღარიბები და ხდებიან მდიდრები, ყოველთვის განსაკუთრებული მოსასმენია, როგორ იწყებდნენ თავის დიდ კარიერას, მომავალი ვარსკვლავები, დახეული ბუცებითა და მეზობლის ნაჩუქარი ბურთებით. საზოგადოებაში, უფრო მეტ ემოციასა და თანაგრძნობას იწვევს ადამიანის ისტორია, რომელმაც წარმატებას, ფაქტობრივად, არაფრიდან მიაღწია, ფეხბურთში კი ასეთები ბევრნი არიან. ამ თამაშს შეუძლია ბევრი მოგვცეს, წართმევით კი - მგონი არაფერს გვართმევს, გარდა ბევრი ენერგიის. საყვარელი გუნდის წაგებით გამოწვეული სევდაც სიყვარულია, სიყვარული, რომლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. 


ძველი ფეხბურთი არ ყოფილა ბევრად უკეთესი ვიდრე დღევანდელი, ან პირიქით.  გენიალური მოთამაშეები იბადებოდნენ და ყოველთვის დაიბადებიან, ისინი შექმნიან ეპოქებს თავს დაგვამახსოვრებენ და შეგვაყვარებენ, თუმცა სხვადასხვა რეალობაში.


ალბათ, ძველ ფეხბურთში მეტი იყო რომანტიკა, ძველი ფეხბურთელები თავისი ცხოვრებითა და ისტორიებით უფრო ახლოს იყვნენ გულშემატკივრებთან, თითქოს ისინი მხოლოდ ქომაგისთვის თამაშობდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბურთი უყვარდათ, მოგება უყვარდათ. ისინი არ იღებდნენ კვირაში 500 ათასს თავიანთი გუნდებისგან და ამიტომაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო თამაშები, ქვეყნის ღირსების დაცვა საფეხბურთო მოედანზე, მოგება ერისთვის, მოგება სახელისთვის, დიდებისთვის და არა მსუყე პრემიებისთვის. შენი დროშისთვის თამაში ყოველთვის განსაკუთრებულ გრძნობებს უნდა იწვევდეს.. ნებისმიერ წამყვან ჩემპიონატში, სრულიად ჩვეულებრივ გუნდებსაც კი ჰყავდათ 1-2 ისეთი მოთამაშე, ვის გამოც მათი თამაშის ნახვა ღირდა. კონკურენცია გაცილებით მეტი იყო, რაც თითოეულ შეხვედრას საინტერესოს ხდიდა. დღეს კი, ფაქტობრივად, ყველა ძლიერი ფეხბურთელი გრანდში თამაშობს, ხანდახან თვით გრანდებსაც უჭირთ ერთმანეთთან გამკლავება, წარმოუდგენელი სატრანსფერო ფასების გამო. 


დღეს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაა ფეხბურთი და რამდენიმე წამყვანი ჩემპიონატი. თუმცა ეს ფეხბურთიც გენიალურია, ყველა ვარსკვლავი ერთ სივრცეში და მათ შორის კონკურენცია, დიდი დაპირისპირებების მოლოდინი. 


ფეხბურთი, რომლის სეზონიც გადაწყვეტ ფაზაში იყო შესული და გაგვიჩერეს. ხანდახან ესეც უნდა მოხდეს, რომ განსაკუთრებულად დააფასო. უფეხბურთოდ თითქმის არ გვიცხოვრია, ჩვეულებრივი რეალობაა, რომ ეს გენიალური თამაში ჩვენი ცხოვრების ნაწილია. 
ცოტა ხანს უნდა მოვითმინოთ.
 

ავტორი: გიორგი პავლიაშვილი

კომენტარები