კანადელი ნიჩბოსნის უცნაური ისტორია (ტექსტის წაკითხვის სასურველი ასაკი 18+)

07 თებერვალი 2020

სიტყვა აბსურდი ლათინური “absurdus”-იდან მოდის და ნიშნავს რაიმე სასაცილომდე ალოგიკურს, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება საღ აზრს. მიმდინარეობაც კი არსებობს – აბსურდიზმი, მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ალბერ კამიუა.

ზამთრის ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც ანდრომედეს გალაქტიკაში, სატურნმა მზეს დიდი დათვის თანავარკვლავედის გავლით უზაზრმაზარი წრე დაარტყა და სინათლის წლის მთვარის ეტლში შეერწყა, ლოზანაში, კანადელი ნიჩბოსანი, ლორენს ვენსან ლაპუანტის დოპინგის საქმეზე, საოცარ დამთხვევათა ერთობლიობამ, კამიუს სტილის ღირსეული მიმდევრები ერთ ადგილას მიიყვანა და სპორტული არბიტრაჟის სავარძლებში ჩაასკუპა.

საქმის ნახევარწლიანი გარჩევის და დიდი სჯა–ბაასის შემდეგ, მათვე გადაწყვიტეს, რომ დამტკიცებულად დოპინგმიღებული 13–გზის კანადელი მსოფლიო ჩემპიონი სასჯელს არ იმსახურებდა.

და აი რატომ.

ლეპუანტმა დაამტკიცა, რომ დოპინგი მის ორგანიზმში მოხვდა დრამებზე დარტყმების ხმა და... ვერ გამოიცანით (ან შეიძლება გამოიცანით, თუ საკმარისად გაფუჭებულები ხართ) – ციტატა სასამართოს ოქმიდან: „პრეპარატ ახლადმიღებულ პარტნიორთან სითხეების ინტენსიური გაცვლის შედეგად, ორალური გზით.“

2019  წლის 19 აგვისტოს, ლორენსი უნგრეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ოქროთა კასკადის მოხვეტისთვის საჭირო რუტინულ საქმიანობას ეწეოდა, როდესაც  WADA–ს სათნოებით გასხივოსნებული დოპინგ ოფიცრები თავზე წამოადგნენ და ნაადრევი საშობაო საჩუქრის სახით დადებითი დოპინგ სინჯი „A“ მიართვეს ძღვენად.

ლორენსი უვადოთ მოაცილეს საქმიანობას, (ამ შემთხვევაში სპორტს) და მსოფლიო ჩემპიონატიც გამოატოვებინეს დოპინგ სინჯი „B”-ს მოლოდინში.

იმის შემდეგ, რაც მეორე სინჯმაც ლეპუანტი დოპინგის მოხმარებაში ამხილა და სპორტიდან ოთხწლიანი ჩამოცილებისთვის გაწირა, კანადური ნიჩბოსნობის ფედერაციამ, მხარბეჭის დეფიციტის არმქონე ქალბატონს ამ წრეებში სახელგანთქმული ადვოკატი, ადამ კლევინასი დაუქირავა.

და მხიარულებაც დაიწყო...

კლევინასმა ორშტოიანი სტრატეგია შეიმუშავა. პირველის მიხედვით, ის იმუშავებდა იმაზე, რომ ბოლომდე გაეწმინდა (ეს სიტყვა განსაკუთრებით ჰარმონიულად ესადაგება გამართლების მიზეზს) ლეპუანტის სახელი დოპინგისგან და სასამართლოს მეშვეობით სოლიდური კომპენსაციაც გაეჩარხა კლიენტისტვის.

თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ამოცანა მინიმუმი შეესრულებინა და ლეპუანტისთვის სასჯელი უფრო ლმობიერ ორ წლამდე დაეყვანა.

ლორენსი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, უწყვეტად ამტკიცებდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან აღმოჩნდა დოპინგი მის ორგანიზმში.

ნივთიერება, რომელიც მას აღმოუჩინეს ლიგანდროლია.

ლიგანდროლის მოხმარებისთვის არაერთი სპორტსმენი დაიჭირეს ბოლო პერიოდში. მათგან ყველაზე ცნობილი ფრანგი კალათბურთელი ჟოაკიმ ნოაა, მისი სასჯელის შესახებ კი არავის არაფერი იმიტომ არ ახსოვს, რომ ამერიკული სპორტი WADA–ს თავის შიდა საქმეებში არ რევს (სალამი დუეინ უეიდის საერთოდ არაჰორმანლური არააკრძალული არადანამატებით და სპორტულ შედეგებზე არასახულ უეცრად ანომალიურად გაზრდილ ყბებს)  და სასჯელის ზომას თვითონვე განსაზღვრავს. ცნობილი ჩოგბურთელის შვილის შემთხვევაში, ამ სასჯელმა, მთელ 20 მატჩიან დისკვალიფიკაციას და თანხის უზარმაზარობიდან გამომდინარე მის ძმაკაცებსა და სამეზობლოში ასაგროვებელ 4000$ შეადგენდა. ტრადიციულად ნაკლებად გაუმართლათ რუს ათლეტებს. ლიგანდროლის მოხმარებისთვის დისკოს მტყორცნელი ანა მოისეევა და მოკრივე ალექსანდრ ბეზპუტინი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დაჯილდოვდეს. ამ უკანასნელს, იმდენად გაუბრაზდნენ, რომ ბევრისთვის საოცნებო ვითარების გამომხატველმა გვარმაც კი ვერ უშველა.

კლევისანმა WADA აიძულა ამჯერად თმის ღერებიდან აეღო სინჯი, თან რამდენიმე კანადელი ექიმის ექსპრომტად შეკოწიწებული დოკუმენტიც მიუცუქცუქა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფესვებთან მაქსიმალურად ახლოს მოჭრილი თმა ცხოვრების ბოლო თვის განმავლობაში ორგანიზმში მოხვედრილ ყველა ნივთიერებას გამოააშკარავებდა.

ტესტმა ლიგანდროლზე უარი ამოაგდო. აქ უკვე ლოზანას არბიტრაჟის ზემოთნახსენებ წარმომადგენლებს, კოგნიტური დისონანსის პირველი ნიშნებიც დაეტყოთ.

გამძაფრდა ეს ნიშნები იმის შემდეგ, რაც ლორენსმა არა თუ მოითხოვა, არამედ წარმატებითაც გაიარა სიცრუის დეტექტორი. და თუმცა ამავე დეტექტორმა  რამდენიმე წლის წინ, გაამართლა ცნობილი ველომრბოლელი ფლოიდ ლეინდისი, რამდენიმე თვის შემდეგ თვითონვე რომ აღიარა დოპინგის მოხმარება და დეტექტორის მოტყუების ხრიკები, რადგან ბოლო–ბოლო ტყუილად ხომ არ არის ამ დეტექტორის დასახელების ძირითადი სიტყვა “სიცრუე“, მაინც ამ მოვლენამ, ლეპუანტს, სასჯელის მაქსიმალური ზომა ოთხი წლიდან ორამდე ჩამოუყვანა.

კლევისანი–ლორენსის დუეტისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. კანადელის გამართლებისთვის ყველანაირი საჭირო პლაცდარმი უკვე შექმნილი იყო. უბრალოდ საკმარისი იყო საჭირო ადამიანის პოვნა, მისთვის საჭირო სიტყვების დაწერა და საჭირო დროს მისი ჟიურის წინაშე წარდგენა მათთვის საჭირო საბოლოო სურათის დასახატად.

კლევისანმა იდეალური ჯოკერი იპოვა. ეს არ იყო არც ჰიტ ლეჯერი და არც ხოაკინ ფენიქსი. ჯეკ ნიკოლსონიც კი არ ყოფილა. და მართლალია სასამართომ მისი სახელი ისტორიას საიდუმლოდ დაუტოვა, მან თავისი როლით, გარკვეულწილად სამივეს  „გადაუჯოკრა“. ასე რომ ასეც დავუძახოდ.

სასამართლომ WADA–ს „ჯოკერის“ ანალიზების აღება აიძულა, რომელმაც იმავე შემთხვევითობამ, რამაც ის ჟიური ერთად შეკრა, ხოლო სატურნი რომელიღაც ეტლში მიიყვანა, მასში რამდენიმე ჰორმონალური ნივთერება აღმოაჩენენა. და ჰოი საოცრებავ!!! მათგან ერთ–ერთი ლიგანდროლი აღმოჩნდა.

დანარჩენი კლევისანისთვის ტექნიკის საქმე იყო. რადგან დამტკიცდა, რომ „ჯოკერის“ ნერწყვი არასაკმარისი იქნებოდა ლორენსის ორგანიზმში გასავრცელებლად, საჭირო იყო „სითხეების უფრო ინტენსიური გაცვლის გზის პოვნა“, რაც, გაგიკვირდებათ და არც თუ რთული აღმოჩნდა. კანადელ ექიმებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, დადგინდა ზუსტი რაოდენობა ამ სითხისა, რაც დოპინგ სინჯის წინა დღეს ლეპუანტის ორგანიზმში იმ რაოდენობის კვალს დატოვებდა, რაც სინჯმა მას ჩემპიონატამდე ამოუგდო.“ჯოკერმა“ შესაშური სიზუსტიდ აღიარა ფლორენსთან „ფიზიკური დატვირთვების“ ზუსტი რაოდენობა, რაც ამ სითხის საჭირო ოდენობით გამოყოფას მოითხოვდა თან ისიც დააყოლა, რომ მისმა „გერლფრენდმა“ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ჩვენი მონდომებული ბიჭი „კუნთების რელიეფის გამოსაყოფად“ ჰორმონალურ დანამატს მოიხმარდა.

ლოზანას სასამართლომ ლეპუანტი სრულიად უდანაშაულოდ სცნო, საპასუხოდ კი მადლიერმა ნიჩბოსანმა მსოფლიო ჩემპიონატის ტყუილად გაცდენისგან მიღებული მორალური ზარალის კომპენსაცია არ მოითხოვა. თუმცა ცრემლებად დაიღვარა, იმის გამო, რომ „ ახლობელი ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში აბითურებდა და მასთან დაშორების ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღო“.

ლორენსის „ბოიფრენდის“ რეალურობის, ან არარეალურობის შემთხვევაში აღებული თანხის რაოდენობა (და იმისათვის, რომ ბლოგის ფოტოდან გამომდინარე, „ჯოკერისადმი“ სიბრალულით გულის მოკვლა და თავში მოსული სიტყვები „საწყალი ბიჭი“ და „ასეთი რა გაუჭირდა“ თავიდან ავირიდოთ, მე მაინც ამ უკანაკსნელი ვარიანტის იმედად დავრჩები) ისტორიამ კენედის და ლენონის რეალური მკვლელებივით, უცნობად დაგვიტოვა, თუმცა ასე, ალბათ, უფრო საინტერესოცაა.

ცნობილმა ნორვეგიელმა მოთხილამურემ, ტერეზა იოჰაუგმა დისკვალიფიკაცია ორჯერ შეიმცირა იმის დამტკიცებით, რომ დოპინგი მის ორგანიზმში ტუჩსაცხის გზით მოხვდა.

არანაკლებ ცნობილმა იტალიელმა ჩოგბურთელმა, სანა ერანიმ,  დისკვალიფიკაცია ოთხჯერ დაამოკლებინა, დაამტკიცა რა, რომ დოპინგი მის ორგანიზმში დედის გაკეთებული სუპის ხვრეპით აღმოჩნდა.

ლორენს ვენსან ლეპუანტმა ყველას აჯობა. კამიუს მიმდინარეობა ცოცხლობს და იფურჩქნება.

P.S. თქვენი არ ვიცი და მე თუ ოდესმე შანსი მომეცემა, ლორენსს ტელეფონის ნომერს აუცილებლად გამოვართმევ. არა თავისას, რა თქმა უნდა, ადვოკატისას. საჭირო კაცი ჩანს.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები